_ დღეს სასამართლოს ენდობით?
_ სასამართლოსადმი ჩემი დამოკიდებულება ზუსტად ისეთია, როგორიც ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისა. 4 წელი სამართლებრივი განათლების ასოციაციაში ვმუშაობდი და სასამართლოს იმიჯის და მისი პრესტიჟის პოპულარიზაციით ვიყავი დაკავებული. საბოლოო ჯამში, სასამართლოს ნდობაზეა დამოკიდებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა პრობლემები, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია ჩვენში, პრაქტიკულად, არ არსებობს – სსრკ-ს დროს გვქონდა სასამართლო თუ 90-იან წლებში? ამიტომ ყველაფერი დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ.
90-იანი წლების სასამართლოზე გაცილებით უკეთესი იყო ჩვენი პერიოდის სასამართლო, რადგან არ იყო მექრთამეობა, კორუფცია, გაიზარდა კომპეტენციის ხარისხი. და თუ თავისუფლების საზომი კორუმპირებულობაა, ბოდიში, მაგრამ ეგეთ თავისუფლებაზე არასდროს არ წავალთ. დიალექტიკაც ესაა – გუშინწინდელზე უკეთესი გუშინდელი უნდა იყოს, გუშინდელზე უკეთესი – დღევანდელი და ა.შ. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა, სასამართლოში არ განხორციელდეს დრამატული ცვლილებები ხელისუფლების ცვლასთან ერთად. ხელისუფლება არის პოლიტიკური ორგანო, მას ირჩევს და ენდობა მოსახლეობის ერთი ნაწილი და არ ენდობა მოსახლეობის მეორე ნაწილი. ესაა პოლიტიკა. სასამართლო კი ამის მიღმა უნდა იყოს. სასამართლოს დღეს აქვს საუკეთესო შანსი, გათავისუფლდეს ნებისმიერი ზეგავლენისგან. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მიდის.
მინდობილი ვარ სასამართლოს, როგორც ბრალდებული. მის ხელშია გადაწყვეტილება, მე ყველანაირად შევეცდები საზოგადოებას დავუმტკიცო, რომ ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდებები თითიდან გამოწოვილი აბსურდია. სიმართლე გითხრათ, ბევრი ლაპარაკი არც მინდა. იქნება ღია, გამჭვირვალე სხდომები და საზოგადოება ყველაფერს ნახავს”.