“კონტროლის პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გადმოგცეთ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეთა ვინაობის შესახებ, მათი თანამდებობრივი სარგოების მითითებით, ვინაიდან ხსენებული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს!” _ ასეთი იყო მაშინ მათი პასუხი.
2012 წლის 25 მაისს, საჩივრის განხილვა შედგა კონტროლის პალატაში, სხდომა გამართა იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა, ივანე პეტრიაშვილმა. მაგრამ, მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, ადმინისტრაციულმა ორგანომ მათ მიერ განხილული ადმინისტრაციული საჩივრის პასუხი გაასაიდუმლოვა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ის არ ჩაგვბარებია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები იტყუებოდნენ, რომ დოკუმენტი მზად იყო და გადმოგზავნილი ფოსტით. მაგრამ. რომელი ფოსტით გამოგზავნეს, არავინ იცის, რადგან, მსგავს დოკუმენტს ჩვენამდე არ მოუღწევია.
2012 წლის 24 აგვისტოს “გურია ნიუსმა” აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
როგორც დღეს ირკვევა, მოგელაძე და მისი უწყება თურმე იმ 100%-ან პრემიებს ასაიდუმლოებდა, რომელიც მაისის თვეში უკლებლივ მთელმა გუნდმა აიღო, როგორც ჩანს “ქართული ოცნების” შემომწირველთა მასობრივი დაჯარიმებისთვის.
ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 21 ნოემბრის №69-Iს დადგენილების შესაბამისად შეიქმნა “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2012 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია”, რომელმაც აუდიტის სამსახურის 2012 წლის საქმიანობა შეისწავლა. კომისიის ხელმძღვანელად დაინიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნოდარ ებანოიძე.
კომისიის მიერ შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ მაისში, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის ყველა თანამშრომელმა პრემია მიიღო ხელფასის 100%-ის ოდენობით, სულ 25025 ლარი.
ნათია მოგელაძემ, პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა – 2500 ლარი; გიორგი ამირანაშვილმა, სამსახურის უფროსის მოადგილემ – 2200 ლარი; ლევან მერაბიშვილმა, კონსულტანტმა – 700 ლარი; მინდია ჯორთმენაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; მამუკა ფიფიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ანნა ქორიძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; თენგიზ გეწაძემ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; თეიმურაზ ნაჭყებიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი, პაატა ბურდულმა, ექსპერტ -ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; გაგა ჩარქსელიანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; მამუკა ხორგუანმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; კახა საჯაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ლაშა კვირკვაიამ, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; პაატა კუბლაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ემზარ ღარიბაშვილმა, ექსპერტ-ანალიტიკოსმა – 1500 ლარი; ვენერა ქოიავამ, მთავარმა კონსულტანტმა – 925 ლარი; ირინა ლომსაძემ, სპეციალისტმა – 700 ლარი.
საერთო ჯამში, ეს არის 14850 ლარით, ანუ 146%-ით მეტი კონტროლის პალატის ყველა, 88 აუდიტორიდან 11-ის მიერ ერთად აღებულ პრემიასთან შედარებით.