ამის შესახებ შესახებ გოგი წულაიამ, პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
წულაიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, “ნაციონალების” კოორდინატორების, აქტივისტების დასაქმებასა და არჩევნების გაყალბებას ითვალისწინებდა.
“თუ ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის შექმნისა და “ნაციონალების” საარჩევნო კამპანიისათვის ფულის ხარჯვის გამო დააკავეს, პროგრამა “კორპუსიც” ანალოგიური მიზნით შეიქმნა. დასაქმებულების ხელფასის სახით ამ წლებში შვიდი მილიონია დახარჯული. ვფიქრობ, უნდა დაიწყოს გამოძიება იმაზე, ვის ტვინში მომწიფდა ამ სამსახურის შექმნა, რატომ აკეთებდნენ ამას და საბოლოოდ დაიდოს სამართლებრივი დოკუმენტი, როგორ აყალბებდნენ “ნაციონალები” არჩევნებს,” _ ამბობს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი.
პროგრამა “კორპუსი” ქუთაისის მერიის ერთ-ერთ პროგრამას წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ქალაქში არსებული მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება. აღნიშნული პროგრამის შესწავლის თხოვნით “თავისუფალმა საქართველომ” პროკურატურას ერთხელ უკვე მიმართა, თუმცა, როგორც პარტიის იმერეთის წარმომადგენლობაში ამბობენ, პროკურატურამ მათი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა.