იგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მაშინდელი სპეცოპერაციის ვიდეომასალაშიც კარგად ჩანს.
“გურია ნიუსი” შსს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს: “დავით დვალიშვილი სამართალდამცავ სტრუქტურაში დიდი ხანია მუშაობს _ ის ქობულეთის პოლიციის უფროსად ახლა არ დანიშნულა, უკვე 7 თვეა მუშაობს. მის მიმართ ხორციელდება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას უნდა მიმართოთ, რადგან ისინი იძიებენ საქმეს.”
დვალიშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვას, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე “გურია ნიუსთან” ადასტურებს და აცხადებს: “დავით დვალიშვილი რობაქიძის საქმეზე დაკითხული იყო მოწმის სახით. იგი სისხლის სამართლის სახით პასუხისგებაში მიცემული არ არის.”
მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს: “პოლიციელი დავით დვალიშვილის სახელი პირველად თქვენგან მესმის, საქმეში მოწმის სტატუსით მისი დაკითხვის შესახებ კი არაფერი ვიცი.”
შეგახსენებთ, რომ “ვარდების რევოლუცის” ერთი წლის თავზე, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, დიდუბეში საპატრულო პოლიციამ ავტომანქანა გააჩერა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა იჯდა. მათ შორის იყო ბუტა რობაქიძე. პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ. თუმცა, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა ორი ტყვია გაისროლა; შედეგად ბუტა რობაქიძე ადგილზე გარდაიცვალა.
მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ შეიარაღებული ყაჩაღური დაჯგუფების დევნის სპეც-ოპერაცია განახორციელა, მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის დროს კი ერთ-ერთი დამნაშავის ლიკვიდაცია მოახდინა.
მოკლულის მშობლებს პოლიციის ვერსიის არ სჯერათ _ ისინი დღემდე იმჟამინდელი შსს მაღალჩინოსნების და პოლიციის თანამშრომლების დასჯას ითხოვენ, რომლებიც ბუტა რობაქიძის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ჩვენ დვალიშვილთან დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ მოვახერხეთ, თუმცა, ვცდილობთ, როგორმე შევიტყოთ მისი კოორდინატები. ამ წერილის გაცნობის შემდეგ, თუ ის თავად დაგვიკავშირდება, მის კომენტარს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.