დიმიტრი კოპალიანი ამერიკიდან მშობლიურ ქალაქში მერის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. იგი ამ კონკურსში თავიდანვე უპირობო ლიდერად მოიაზრებოდა, რაც არ გაკვირვებია, რადგან, როგორც თავად ამბობს, მისი ბიოგრაფიული მონაცემების მქონე ადამიანი ნაკლებად მოიძებნება.
დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერად გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე დაასახელეს. ის უფლებამოსილების გახორციელებას ორშაბათიდან შეუდგება.
უნდა აღინიშნოს, რომ კოპალიანის კანდიდატურა საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზეც მოიაზრება.
რას ამბობს თავად ამ საკითხზე და როგორ მოხვდა უზარმაზარი მსოფლიო კორპორაციებიდან ქუთაისის მერიაში, ამის შესახებ დიმიტრი კოპალიანმა “გურია ნიუსთან” ისაუბრა.
_ ბატონო დიმიტრი, როგორ მოხვედით ქუთაისის მერობამდე _ რომელ სექტორში მუშაობდით ამ დრომდე?
_ დაბადებული და გაზრდილი ვარ ქუთაისში. სკოლაც აქ დავამთავრე და პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. ფაქტობრივად, მე ვიყავი პირველი სტუდენტი, რომელიც წავიდა ნიუპორტში. დავამთავრე ნიუპორტის კოლეჯი, რომელსაც დღეს ეწოდება სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი.
ჩემი სპეციალობა იყო კომპიუტერული განვითარება და ბიზნესი. მიმუშავია ისეთ კორპორაციებში, როგორებიც არის “კრაისლერი” “ფორდი” ” ნისანი” “ტოიოტა”. ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ _ ტეგნოლოგიების სპეციალობაში სადოქტორი მაქვს დაცული და “ლორენსის” უნივერსიტეტში 2007 წლამდე სადოქტორო პროგრამებზე ვმუშაობდი.
_ ბატონო დიმიტრი, რატომ გადაწყვიტეთ ქუთაისის მერობა მაშინ, როცა ამერიკაში საკმაოდ წარმატებული იყავით?
_ გული შემტკივა ქუთაისზე. ამდენი ხანი წასული ვარ, ქალაქს სჭირდება დახმარება, ჩემი მხრიდან კი ეს დახმარება ჩემი დაბრუნებაა. მე ისედაც ვფიქრობდი ჩამოსვლას, მაგრამ, უფრო, მომავალ წლებში. მაგრამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო დავბრუნდი. ვიცოდი, რაც ხდებოდა ქუთაისში, ვეცნობოდი აქაურ ვითარებას და გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა კონკურსში.
_ თქვენ მერობის კანდიდატებს შორის უპირობო ლიდერად მოიაზრებოდით. იყო თუ არა მხარდაჭერა ხელისუფლებისგან?
_ მე ეგ არ მიკვირს და რატომ _ ამერიკაშიც ამერიკელები ჩემზე “ნადირობდნენ”, ცდილობდნენ გამოეყენებინათ ჩემი მონაცემები. სადაც არ უნდა ჩააგდოთ ჩემი ბიოგრაფია, ყველა იტყვის, ეს ვინააო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც 5 უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული 3 ქვეყანაში და გააჩნია მუშაობის 15-20-წლიანი გამოცდილება. ეს არის ის ფაქტორი რამაც განაპირობა ჩემი არჩევა.
_ არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლების მინისტრი გახდეთ.
_ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამაზე, თუმცა, ამ თემაზე არავისთან საუბარი არ მქონია _ ჩემთან კონკრეტულად არავინ მოსულა და არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.
_ მოხდება თუ არა მერიაში კადრების ოპტიმიზაცია და ხომ არ შემცირდება თანამშრომელთა რიცხვი?
_ ამის გარკვევა ადგილზე უნდა მოხდეს, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. მერია უნდა ამუშავდეს, გამჭვირვალე სისტემა უნდა შევქმნათ. მომავალში მერია უფრო ფუნქციონალური იქნება.
_ რაც შეეხება საშტატო ერთეულებს, რომელიც წინასაარჩევნოდ საკმაოდ გაიზარდა _ შესაძლოა, რომ ეს შტატები შემცირდეს? და საერთოდ, როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით?
_ მე ყველას მოვუსმენ, ყველას შევხვდები, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებ, რომელიც საჭირო იქნება ქუთაისისთვის. როგორ აღვნიშნე, უნდა ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფები და ყველაფერი დაკომპლექტდეს. კადრების საკითხი ყველაზე პრობლემატური საკითხია.
_ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია და ამასთან დაკავშირებით დისკუსია დღემდე არ წყდება, როგორ ფიქრობთ _ უნდა დარჩეს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში?
_ ამისთვის ციფრებს და რიცხვებს უნდა შევხედოთ უფრო დეტალურად, ზეპირად ვერაფერს გეტყვით. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, პარლამენტის ქუთაისში არსებობა რეალურად რისი მომტანია ქალაქისთვის.