ურუშაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ცდილობდა ეპოვა ლანჩხუთის “გურიას” დამფინანსებელი, პარალელურ რეჟიმში ხვდებოდა ბიზნესმენებს, ვისთანაც შეძლებდა კონტრაქტის გაფორმებას და საქართველოში არსებულ პროდუქციის გატანას უკრაინულ ბაზარზე. კონკრეტულად ის შეხვდა “ტოპ ავგუსტის” ხელმძღვანელს და შეუთანხმდა ლანჩხუთში წარმოებული დაფნა, ფეიხოა, კივი, ფორთოხალი, ხურმა და 500 ტონა ციტრუსი საქართველოდან, ლანჩხუთიდან მიიღონ.
“სამ უზარმაზარ ფირმას შევხვდი, ჩაიზეც ვისაუბრეთ. შეიძლება გაცვლა გავაკეთოთ. მე ვთვლი, რომ ეს ყველაზე მისაღები ფორმაა. ეს იმიტომაა უკეთესი ჩვენთვის, რომ გლეხს პროდუქტების მხრივ უჭირს . მანდარინს თუ გამოვართმევთ და შაქარს და ფქვილს მივცემთ, არ იქნება ურიგო. თუმცა ამაზე წინასწარ შევთანხმდებით მოსახლეობასთან. პროდუქციის გადაგზავნა ფაქტობრივად, დადებითადაა გადაწყვეტილი. მალე გადმომიგზავნიან ხელშეკრულების ფორმას, მე იურისტებთან ერთად გადავხედავ და მერე გავაფორმებთ. მთავარია, მოსახლეობას ციტრუსი შარშანდელივით არ გაუფუჭდეს,” _ ამბობს ურუშაძე.