მაგრამ ამავე დროს, დარწმუნებულია, რომ საქართველო რადიკალური ისლამისტების სამიზნეს არ წარმოადგენს.
“ისეთი მძიმე შედეგი დადგა ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით, რომ მე, როგორც უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვფიქრობ, ყველაფერს ყურადღება უნდა მივაქციოთ და ძირფესვიანად გამოვიძიოთ. ეს ყველაფერი გარკვეული საფრთხის შემცველია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ მუქარა გამართლდეს. მე, მაგალითად, ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ საბოლოოდ გამერკვია, რასთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფრის გამოკვლევა საკუთარი ჯარისკაცების უსაფრთხოებზე ზრუნვას ნიშნავს”.
გახოკიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო რადიკალური ისლამისტების სამიზნე არ გახდება.
“გამოვრიცხავ რომ საქართველო მათი სამიზნე გახდეს, რადგან ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ გარშემო. ამ თვალსაზრისით საქართველო მათთვის დიდ ინტერესს არ წარმოადგენს. თუმცა, მათ შორის ისეთი ჯგუფები და ისეთი ადამიანები არიან, რომლებსაც რაღაც კონკრეტული მიზნები აქვთ და ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეული საფრთხეების შექმნა შეუძლიათ. მათ დიდ მიზნებში საქართველო არ უნდა იყოს. ყველაფერზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა დარწმუნებული ვარ საქართველო მათი სამიზნე არ გახდება.”
უშიშროების ყოფილი მინისტრი საქართველოში რადიკალური ისლამისტების მომძლავრებასაც შეეხო და აღნიშნა, მათ შორის ფანატიკოსი ადამიანების არსებობა გარკვეული საფრთხეების შემცველია.
“რადიკალური ისლამისტების მოძრაობა ყოველთვის საფრთხის შემცველია. მე რომ მინისტრი ვიყავი, ეს მოძრაობა ახალი დაწყებული იყო და ვიცი, როგორ ფანატიკოს ადამიანებთან გვაქვს საქმე. მათთვის სიკვდილიც არაფერია, მთავარია, დაკისრებული მისია შეასრულონ. ამიტომ, ღმერთმა არ ქნას, ამ მოძრაობამ სერიოზულად მოიკიდოს ფეხი, თუნდაც, პანკისის ხეობაში, სადაც რეალურად დგას ეს საფრთხე. არის პერიოდები, როდესაც ეს საფრთხე მიიძინებს ხოლმე, ზოგჯერ კი გამოცოცხლდება. გამოღვიძებული და გაღიზიანებული ვაჰაბიტები საქართველოსთვის საფრთხეა.”
ჯემალ გახოკიძის თქმით, მისი უშიშროების მინისტრობის დროს გარკვეულწილად ხდებოდა პანკისში მცხოვრები ვაჰაბიტების კონტროლი, თუმცა, “მათ შორის ისეთი ჯგუფებიც იყვნენ, რომლებიც არც კონტროლს ექვემდებარებოდნენ და არც მოლაპარაკებაზე მიდიოდნენ სპეცსამსახურებთან. ეს ჯგუფები არასოდეს იზიარებენ საერთო გადაწყვეტილებას და მათი ქმედების წინასწარი პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია.”