(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ გასულ კვირას, გურიას ისევ ესტუმრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა. ხუთშაბათს, დღის პირველ ნახევარში იგი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც გურიის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელთან, კახა ებრალიძესთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა. სიჭინავა ოზურგეთის სტადიონზეც მივიდა და სტადიონის რეკონსტრუქციის გეგმებზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ფიფა-სგან მიღებული დაფინანსებით, ფეხბურთის ფედერაციამ თანამედროვე ტიპის 3000-ადგილიანი სტადიონის გაკეთება სწორედ გურიის მთავარ ქალაქში გადაწყვიტა.
ლანჩხუთში სფფ-ის თავკაცი საკრებულოს თავმჯდომარეს რევაზ ჩიტიძეს, გამგებელს გიორგი გოგუაძესა და მათ მოადგილეებს შეხვდა. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი “გურიის” შესაძლო სპონსორთან დაკავშირებული საკითხებზე მსჯელობა გახლდათ. როგორც გვითხრეს, სიჭინავა ლანჩხუთის ფეხბურთის მესვეურებს დაჰპირდა _ თქვენ სპონსორი მოიყვანეთ და სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარება და თუნდაც გრიგოლეთის ბაზის გადაცემის საკითხი ჩემზე იყოსო. თუ ნორმალური სპონსორი იქნება, არ არის გამორიცხული, “გურიამ” ფეხბურთის ფედერაციას კლუბის უმაღლეს ლიგაში დაშვება სთხოვოს. ახლა ყველაფერი იმ ბრიტანულ კომპანიაზეა დამოკიდებული, რომელიც “გურიით” დაინტერესებას იჩენს.
გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ, ზვიად სიჭინავა დავიმარტოხელეთ და რამდენიმე კითხვა დავუსვით:
_ ბატონო ზვიად, რა არის თქვენი დღევანდელი ვიზიტის მიზანი?
_ მითხრეს, კარგი ამინდიაო…
_ უფრო სერიოზულად?
_ კარგი ამინდია და ჩამოვედი (ეღიმება).
_ კიდევ?
_ კიდევ ის, რომ ოზურგეთში ვიყავი. როგორც იცით, იქ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ.
_ როდიდან?
_ ჯერ დასათვლელია და მერე დავიწყებთ. ყველაფერს ჯერ დათვლა უნდა.
_ “გურიას” რა ეშველება და სპონსორთან დაკავშირებით რა ხდება?
_ 15 მაისამდე ველოდებით და იმედია, ყველაფერი კარგად გადაწყდება.