საქმე ეხება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატან ცვლილებებს.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის ზაზა ხატიაშვილის თქმით, კომიტეტმა საკითხი პოლიტიკურ ჭრილში განიხილა და არა _ სამართლებრივში. მისივე თქმით, იურიდიულმა კომიტეტმა ადვოკატების უფლებების შეზღუდვას მხარი პოლიტიკური მიზეზით დაუჭირა, მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო დაადო. ხატიაშვილი ამბობს, რომ ადვოკატები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას, პროტესტის რა ფორმებს მიმართავენ
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის გამო, ადვოკატთა ასოციაციამ ორი კვირის წინ აქცია გამართა, სადაც ისინი საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს მაშინ ეკა ბესელია შეხვდა და მათი პოზიცია მოისმინა.
“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში” დღეს ადვოკატთა ასოციაციის შენიშვნები გაითვალისწინეს, თუმცა, იურიდიულმა კომიტეტმა ამას მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან, უქმდება “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ჩადებული დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.