სერგო რატიანის განცხადებით, ახალი კანონპროექტი სწორედ კვიტაშვილის გადასაყენებლად შეიმუშავეს: “ეს კანონი, ძირითადად, კვიტაშვილის მოსახსნელად იყო შექმნილი. ასევე, იმისთვის, რომ უნივერსიტეტში არ ჩატარებულიყო რექტორის თავისუფალი არჩევნები. კვიტაშვილის გადაწყვეტილება იყო ღირსეული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში არ მოხდეს რეინკარნირებული როინ მეტრეველის და ედუარდ შევარდნაძის დაბრუნება და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. პრემიერმა მოითხოვა, რომ მან უნდა დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ უნდა გახორციელდეს და უნივერსიტეტმა თავად აირჩიოს რექტორი,” _ განაცხადა სერგო რატიანმა
კვიტაშვილის გადაწყვეტილებას კანონს ვერ უკავშირებს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე, რომლის განცხადებით, კანონპროექტის მოთხოვნა კვალიფიციური კადრებია და მას არაფერი აქვს საერთო ვინმეს გამიზნულ გადაყენებასთან: “ბატონი სანდროს გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და არავის ამისკენ არ უბიძგებია. რაც შეეხება მის კავშირს კანონთან, პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ და თუ ის რაღაც პარალელს ავლებს, ეს აბსოლუტურად მისი სუბიექტური გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება კანონს და კანონში ცვლილებებს, აქ არანაირი შეზღუდვა და არანაირი წინაპირობა არაა არავისთვის, რომ დატოვოს პოსტი. აქ არის საუბარი საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე რომელსაც გვინდა, რომ აკმაყოფილებდეს იქ მომუშავე პროფესორები და რექტორი,” _ განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ სანიკიძემ.