“ბატონო მინისტრო!
ვინაიდან ჩვენს მიერ თქვენს ოფიციალურ ფბ-ს გვერდზე გამოგზავნილი უამრავი წერილი პასუხგაუცემელი რჩება, ათასობით დაზარალებული ისევ ყოველდღიური (25 წლის მანძილზე) მოლოდინის რეჟიმში ელოდება საკითხის დაძვრას. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც 1 ოქტომბერს მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების” მთავარ მესიჯს სამართლიანობის აღდგენის შესახებ. 8000 დაზარალებული ყოველდღე ელოდება ფინანსთა სამინსტროსაგან ინფორმაციას რა შედეგზე გავიდა „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ მიერ შექმნილი „სამუშაო ჯგუფი“ (შეიქმნა 2012წლის 25 დეკემბერს). თქვენი სიტყვებიდან: „სამუშაო პროცესში აღმოჩენილია უამრავი დარღვევა“. სამწუხაროდ, არ ხდება ინფორმაციის გაცემა ვის მიერ და რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი, არ ხდება რეაგირება მათზე, არ ხდება „საშინაო ვალის“ ამ ნაწილის ოდენობის გასაჯაროება. 2 კვირაზე მეტია ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ებრალიძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ის ამავე დროს იყო აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელიც და არ ვიცით ვინ შეცვალა ის. 2012 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პირადად თქვენ გაეცით დაპირება, რომ არასამთავრობო სექტორი აუცილებლად ჩაერთვებოდა მიმდინარე პროცესში და მათი სია შეადგინა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლაძემ. ეს დაპირება დაპირებად დარჩა.
გამოგვაქვს დასკვნა, რომ „სახელმწიფო კომისია“ და მისი „სამუშაო ჯგუფი“ ეწევა დროის გაყვანის პოლიტიკას. აშკარაა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი დამოკიდებულების გამეორება 8000 დაზარალებულის მიმართ _ მათ მხოლოდ წინაასარჩენოდ ახსენდებოდა ადამიანები, იყენებდა მათ პრობლემას „საპიაროდ“.
ნუ გავიწყდებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლების ვალი სახლმწიფოს აღიარებული აქვს „საშინაო ვალად“ და მათი გადახდა უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც წლებია ავსებს მოქალაქეთა ეს დაზარალებული ნაწილიც. ეს უნდა შეასრულოს ფინანსთა სამინისტრომ და მისი ეს კანონისმიერი ვალდებულება არ უნდა გადასცეს სხვა სახელმწიფო თუ არასამტავრობო ორგანიზაციებს, როგორც ეს ადრე მოხდა.
ამიტომ, გიწვევთ ღია, საჯარო ტელე დებატებში თქვენთვის მისაღებ ტელეარხზე, თქვენთვის მისაღებ ფორმატში უახლოეს დღეებში და გთხოვთ ჩვენს გამოწვევაზე საჯარო პასუხს!, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ცენტრ “ერთობის” მიმართულების კოორდინატორი, ლაშა გეგეჭკორი აწერს.