რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაცემული მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს: ვაჟა თოდუას, რომლის სახელსაც მესამე საჯარო სკოლა ატარებს, გოჩა კვირკველიას და მერაბ კუპრეიშვილს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ერთმა სკოლამ სამი გმირი აღზარდა.
ნაჩვენები იყო დოკუმენტური კადრები აფხაზეთში ლანჩხუთელი ბიჭების ბრძოლის შესახებ. ლიტერატურულ საღამოს რეჟისორი გახლდათ გია ქურიძე, რომელსაც არაერთხელ დაუდგამს მსგავსი ღონისძიებები.
საღამო მეტად ემოციური და სევდიანი იყო. საღამო გახსნა მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა, რომელმაც სიტყვა გადასცა ბიჭების კლასის დამრიგებელს. გაიხსენეს გმირების ბავშვობა. ცრემლმორეული მაყურებელი ემოციას ვერ მალავდა. განსაკუთრებულად მძიმე სანახავი იყო ლიტერატურული კომპოზიციის “ტყვიის ძმების” ყურება _ ბავშვები ლექსითა და სიტყვებით ცდილობდნენ გადმოეცათ იმ საშინელი ომის შედეგი რომელიც ასე მძიმედ აისახა ჩვენს ოჯახებზე.
კულმინაცია იყო დოკუმენტური კადრები აფხაზეთში ლანჩხუთელი ბიჭების შესახებ _ ისინი ცდილობდნენ გახალისებულიყვნენ კამერის წინ, თავის კუთხურობას არ უღალატეს და როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რომელი სიმღერის მოსმენას ისურვებდნენ, წაიღიღინეს _ “სისონაი დარჩია, ცნობილია ბიჭობაში” .
ბიჭების მხიარულება მაშინ დასრულდა, როდესაც ტყვიების წვიმა წამოვიდა. “ტაძარს არ ესროლოთ!” _ გაიძახოდნენ ბიჭები. განსაკუთრებით მძიმე იყო გოჩა კვირკველიას გარდაცვალების კადრებისა და ვაჟა თოდუას ნაწამები სხეულის ხილვა. კადრებში ჩანდა ამ საღამოს ორგანიზატორი და ომის მონაწილე შოთა ფირცხალაიშვილი _ იგი, რომელსაც ორივე ფეხი დამსხვრეული აქვს, მძიმედ განიცდის გოჩას გარდაცვალებას, იმედს მაინც არ კარგავს და იძახის, გადმოაბრუნეთ, იქნებ ცოცხალია, როგორ ხარ გოჩა ძამიაო. ვაჟა თოდუას ნაწამებ სხეულს ეფერება დავით ზივზივაძე _ სწორედ მან იპოვა ვაჟა თოდუას და სხვა არა ერთი გმირის ცხედარი, რომელიც სამშობლოში ჩამოასვენეს, თვითონ კი დღემდე აფხაზეთის მიწაში განისვენებს.
რაც შეეხება მესამე გმირს _ მერაბ კუპრეიშვილს, ის ტამიშში 1993 წელს გმირულად დაიღუპა.
საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თბილისიდან მოწვეულ იყო დოდო გუგეშაშვილი, რომელმაც თბილი სიტყვებით მოიგონა აფხაზეთში გარდაცვლილი გმირები.
დაშვებული დროშები აღმართვის პატივი წილად ხვდათ გარდაცვლილი გმირების ოჯახის პატარა წევრებს, რომლებიც გმირების სახელს ატარებენ.
გია ქურიძე, საღამოს რეჟისორი: “მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურში არის ვეტერანთა განყოფილება, რომლის უფროსიც შოთა ფირცხალაიშვილია. ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა, დავხმარებოდი მემორიალის გახსნაში, რომელიც აფხაზეთში დაღუპულ გმირების სახელობისაა. სულ რაღაც რვა-ცხრა დღეში მოვამზადეთ ეს ღონისძიება. მადლობა, პირველ რიგში, იმ ბიჭებს, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს ჩვენი სამშობლოსთვის _ ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს ისინი. 27 სექტემბერს მინდა ყველა ომში დაღუპულ ლანჩხუთელს მივუძღვნა მსგავსი საღამო.”