(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ კვირას, ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის კოლექცია იყო წარმოდგენილი. გამოფენას ბევრი ადამიანი დაესწრო _ პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქუთაისში დაცული კოლექციის უცნობი ნამუშევრები დაათვალიერეს.
_ დღევანდელი დღე კიდევ ერთი ზეიმია ჩვენს გალერეაში და მართლაც, რომ საინტერესო დღის მომსწრენი გავხდით, _ გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ.
ქუთაისიდან ჩამოსული სტუმრებიდან გამოფენაზე სიტყვით სახვითი ხელოვნების გალერეის დირექტორი გამოვიდა: _ რეგიონებს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წარმოვადგენთ გამოფენას, რომელიც არის მოკრძალებული მცდელობა, გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი მდიდარი შემოქმედებითი წარსული, რომლის ამსახველი მასალების ნაწილი ინახება გალერეის საცავში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ორმოცდაათამდე დეკორაცია; კოსტიუმის ესკიზი ნაცნობი თუ უცნობი სპექტაკლიდან. ექსპოზიციის არც თუ ისე ვრცელი პანორამა წარმოაჩენს XX საუკუნის ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების განვითარების ზოგად სურათს, რომელიც ჩამოყალიბდა საუკეთესო ქართული სახვითი ტრადიციების საფუძველზე, _ თქვა ელისო ჩოგოვაძემ.