კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტმა დასკვნის პროექტი შეიმუშავა, სადაც 17 მაისს “ჰომოფობიის” წინააღმდეგ, გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების ყველა დეტალი და ფაქტია აღწერილი. ბესელიას განცხადებით, დასკვნა საკმაოდ საინტერესოა და თუ კომიტეტი მოიწონებს, ის ბიუროსაც გადაეცემა განსახილველად.
“მომართვა, რომელიც ჩვენს კომიტეტს დაეწერა, არის 17 მაისს განვითარებული მოვლენების შემდგომ 12 000 ადამიანის ხელმოწერით გაკეთებული განცხადება, რომლითაც მოქალაქეები ითხოვენ, პარლამენტმა შეფასება მისცეს 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ შევიმუშავეთ დასკვნის პროექტი, სადაც მითითებული გვაქვს ყველა მთავარი ასპექტი, რაც იმ დღეს მოხდა და შემდგომ განვითარებული მოვლენები. ამ დასკვნის პროექტს ჩვენ კომიტეტში წარვადგენთ. პროექტში აღნიშნულია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ჩვენ აღიარებული გვაქვს და ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, რომ გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერი ჯგუფისთვის იყოს დაცული და ამავე დროს, აქვე მითითებულია რეაგირების ის ფორმები, რომელიც მოჰყვა ამ ფაქტებს. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო დასკვნაა და კომიტეტში თუ მოიწონეს, შემდეგ წარედგინება ბიუროს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.