მისი განცხადებით, ყველამ კარგად იცის, რომ ყოფილ ხელისუფლებას სამეგრელოში უკანონო ბანდფორმირებები ჰყავდა, რომელიც წლების განმავლობაში უკანონოდ დათარეშობდნენ. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი მთლიანობაში შემზარავი სურათია იმისა, რაც ხდებოდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენისა და აღმოჩენის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და უკვე ოპოზიციაში მყოფ “ნაციონალური მოძრაობას” არ აქვს უფლება ახალ ხელისუფლებას იმ ტონალობაში ელაპარაკოს როგორც ისინი დღეს საუბრობენ.
ბესელია სამეგრელოში იარაღის საცავების აღმოჩენას დანაშაულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ყველა მონაწილე შესაბამისად და მკაცრად უნდა იყოს დასჯილი.
“ეს არის ან გაგრძელება, ან დასაწყისი ან შუალედური რგოლი, როგორც გინდათ, ისე დაარქვით. ეს არის მთლიანობაში ერთიანი შემზარავი სურათი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ წინა ხელისუფლება დაკავებული იყო კომპრომატების, ცრუ და შეთხზული ბრალდებების შექმნით, ფალსიფიცირებული მტკიცებულებების მოგროვებით, უკანონო იარაღით მომარაგებით, სხვადასხვა ტიპის უკანონო დაჯგუფებების შექმნით. ეს ყველაფერი ემსახურებოდა სააკაშვილის რეჟიმის განმტკიცებას და რეჟიმის შენარჩუნებას. ის, რაც სამეგრელოს საცავებშია აღმოჩენილი, არის არანაკლები, თუ უფრო მძიმე არა, იმ შემზარავ არქივზე, სადაც აღმოჩნდა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. ეს არის პირდაპირ დანაშაული, ამას სჭირდება გამოძიება _ ამას სჭირდება უმკაცრესი რეაგირება. ჩვენ კარგად ვიცით, რა ხდებოდა სამეგრელოში წლების განმავლობაში _ დათარეშობდნენ უკანონო ჯგუფები, რომელსაც მფარველობდნენ წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან _ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები. ასეთი მასალების და მტკიცებულებების შემდეგ, როგორ აძლევენ თავს უფლებას ამ ტონალობაში გველაპარაკონ?! მაშინ, როცა იმ დანაშაულობებისა 5%-იც არ არის გამოძიებული, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.