სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები უწყებებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის საკითხებს.
„დაიგეგმა ჩემი ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში. მიმიწვია ჩემმა კოლეგამ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასეთი ვიზიტი არ ყოფილა. ჩვენ შევხვდით ბრიუსელში, ნატოს ISAF-ის მინისტრების შეხვედრაზე, სადაც შევთანხმდით, რომ აუცილებელია გავაღრმაოთ ორმხრივი სამხედრო ურთიერთობები. ეს ურთიერთობები შეეხება არა მხოლოდ ავღანეთში ჩვენს ერთობლივ ოპერაციებს, არამედ კონკრეტულად საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ქართული არმიის დახმარებას, რათა ვიყოთ უფრო ძლიერები და შეგვეძლოს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.