სამედიცინო დასკვნა დღემდე არ არსებობს, არც დიაგნოზია ცნობილი და არც ის, რატომ შეერყა ჯანმრთელობა პატიმარს.
მას, 2009 წელს, 3 წლით და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯეს. იგი სასჯელს ქურდობის ბრალდებით იხდიდა.
2012 წლის 22 სექტემბერს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, ციხის ადმინისტრაციიდან ოჯახს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მათი შვილი თავისუფალი იყო. როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, გიგაშვილი ციხიდან საკაცით გამოიყვანეს.
40 წლის კოტე გიგაშვილი უკვე 9 თვეა, საწოლსაა მიჯაჭვული, სავარაუდოდ, თავში მიყენებული ტრავმის გამო. იგი დღემდე ვერ ამყარებს კონტაქტს ადამიანებთან, როგორც გიგაშვილის დედა, ჟუჟუნა ჩახიძე ამბობს, იგი ხშირად ყვირის სიტყვებს "ნუ მირტყამთ!" მომშორდით!" "არ დამარტყათ!"
შვილის დაპატიმრების ფაქტს დედა, ჟუჟუნა ჩხაიძე ასე იხსენებს: "მეზობელთან იყო დასახმარებლად გასული. იქ მისმა ქალიშვილმა მიაკითხა, რომელიც იქვე ახლოს არის გათხოვილი. მათი იქ ყოფნის პერიოდში ბეჭედი დაიკარგა. მასპინძელმა, რატომღაც, კოტეს შვილზე აიღო ეჭვი. გოგოს ხომ არ გაუშვებდა ციხეში _ მივიდა პოლიციაში და განაცხადა, მე მოვიპარეო. მერე იმ ქალმა ის ბეჭედი კარადის უკან დაგდებული იპოვა. მიუხედავად ამისა, კოტეს სამი წელი და რვა თვე მიუსაჯეს. გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე, ციხიდან გამომიგზავნეს წერილი, შვილი მოიკითხეო. ჩემი ოჯახის წევრები წავიდნენ გეგუთში. კოტე იქ არ დახვდათ _ თბილისში იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. როცა საავადმყოფოში მივიდნენ, ვერ იცნეს, ისეთ მდგომარეობაში დახვდათ. თუ თქვენი ახლობელი არ არის, ურნაში ჩააგეთო, ასე უთხრეს. საკაცით მომიყვანეს სახლში. პირველ ხანებში ბოდავდა და ყვიროდა, ნუ მცემთო."
დედა შვილისთვის ეტლს ითხოვს, იქნებ, ჰაერზე მაინც მოვახერხო მისი გაყვანაო.