ადმინისტრაციულ შენობაში, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვა საკითხებთან ერთად უახლოეს დღეებში ჩასატარებელ პრაიმერის თაობაზეც იყო საუბარი. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მედიის წარმომადგენლების დასწრება არ მოხერხდა. დადასტურებული ინფორმაციით, შეხვედრას გურიის ვიცე-გუბერნატორები, ლელა თავართქილაძე და პაატა მანჯგალაძე ესწრებოდნენ. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი გამოჩნდა.
გიგი წერეთელი: _ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური შეხვედრები რაიონებში. ეს არის მორიგი შეხვედრა, რომელსაც ოზურგეთში ვატარებთ. პარტია ნამდვილად არ არის ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ბევრი სირთულეა – გენერალური დირექტორის დაკავება, ახალი ბრალდებები, სასამართლოები მიდის, მაგრამ პარტია ასევე ძალას იკრებს, არის სერიოზული განახლებები, მალე გვექნება ახალი სტრუქტურა და რაც მთავარია, საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და პრაიმერი უნდა ჩავატაროთ. სწორედ ამ საკითხებზე ვხვდებით ჩვენს რაიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ პრაიმერში, წარადგენენ დელეგატებს და საორგანიზაციო დეტალები გვინდა ერთად გავიაროთ, _ განაცხადა გიგი წერეთელმა.
შეხვედრა გუბერნიაში საღამოს 19:00 წუთზე დაიწყო და ერთ საათს გაგრძელდა.