ღია წერილს, რომელშიც ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის უმოქმედობაზე და შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებზე იყო საუბარი, ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური მალევე გამოეხმაურა. ცენტრ „ერთობის“ მიმართულების კოორდინატორი, ლაშა გეგჭკორი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სამინიტროს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსი მიუღებელია, არ იძლევა კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხს და კიდევ უფრო მეტ დაბნეულობასა და გაურკვევლობას იწვევს დაზარალებულთა შორის.
_ „სამუშაო ჯგუფის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენის დაპირება ცენტრმა „ერთობამ“ ჯერ კიდევ ა/წ 20 მარტს მიიღო. გარდა ამისა, ამავე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა ივანიშვილმა ტელეკომპნაია „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აპრილის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ „სამუშაო ჯგუფი“ შედეგებს მიმდინარე თვის ბოლოს დადებდა.
ცენტრმა „ერთობამ“ ივნისის თვეში 10-მდე წერილი გააგზავნა ფინანსთა მინისტრისა და სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე, უფრო მეტიც, ტელედებატში გამოიწვია ფინანსთა მინისტრი. ყველა ეს წერილი უპასუხოდ დარჩა. სამინისტრომ აშკარად დაგვანახა, რომ მას არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა არ სურს (ყოველ შემთხვევაში ამ მიმარულებით) დღეს გაჟღერებული სურვილი თანამშრომლობისა, ჩვენი აზრით შეიცავს თვალთმაქცობის ელემენტებს. სამინიტრომ უარი განაცხადა სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე ამ პროცესში რაც აშკარად ბადებს კითხვის ნიშანს – შესრულებული აქვს თუ არა „სამუშაო ჯგუფს“ რაიმე სახის მოქმედებები.
აღნიშნული პრობლემა ბევრჯერ არის შესწავლილი და ვინაიდან მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია მომხდარი ამ დროში გაწერილ პროცესში ( 25 წელი), დარწმუნებული ვართ სამუშაო ჯგუფის ეფექტურად მოქმედების შემთხვევაში ეს სამუშაოები დასრულდებოდა მაქსიმუმ 1 თვეში.
ა/წ 30 მაისს გადადგა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ებრალიძე, რომელიც ამავე დროს წარმოადგენდა აღნიშნული „სამუშაო ჯგუფის“ თავმჯდომარეს. ჩვენს მიერ ფინანსთა სამინისტროში განხორციელებული ზარის მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ამ ჯგუფის ხელმძღვანელი დღემდე დანიშნული არ არის. რამდენად მონდომებულია ფინანსთა სამინისტრო ამ პრობლების მოგვარებით, დასკვნა აშკარად ნათელია.
ჩვენს მიერ ღია წერილში მოყვანილი ფინანსთა მინისტრის მიერ გაცემული დაპირებების სისწორეზე მზად ვართ პასუხი ვაგოთ და ამის დასადასტურებლად დაზარალებულები კიდევ ერთხელ ვიწვევთ მას ღია ტელედებატში.
და ყველაზე მთავარი: ღია წერილის ადრესატი არ გახლდათ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ჩვენ პასუხს ველოდებით საქართველო პრემიერ-მინისტრ ბატონ ბიძინა ივანიშვილისაგან, _ გვითხრა გეგჭკორმა.