“მერაბიშვილმა, დაბადებულმა 1968 წლის 15 აპრილს, პირადი ნომერი 01021004498, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონემ, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ივანე მერაბიშვილი 2004 წლის 18 დეკემბერიდან 2012 წლის 4 ივლისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული – ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზურნველყოფისათვის”. _ ვკითხულობთ დადგენილებაში.
2006 წლის 27 იანვარი, 23:00 საათი, ქ. თბილისი, კაფე-ბარი ‘შარდენი”
კაფეში შეიკრიბნენ თამარ მერაბიშვილი (სალაყაია) – შინაგან საქმეთა მინისტრის ივ. მერაბიშვილის მეუღლე, დავით ახალაია – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, ოლეგ მელნიკოვი – ამავე დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომელი, ვასილ სანოძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გურამ დონაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი, ანა კალანდაძე და მისი მეგობარი თათია მაისურაძე.
ამავე ბარში, მოგვიანებით მივიდნენ სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი – ლევან ბუხაიძე. დარბაზში შესვლისთანავე, სანდრო გირგვლიანმა შენიშნა თათია მაისურაძე და რამდენადაც მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობები და ბარში მისვლამდე ტელეფონით ესაუბრა კიდეც, მიუახლოვდა მას და სუფრის სხვა წევრების თანდასწრებით, მკვეთრი ჟესტებითა და ხმამაღალი ტონით დაუწყო საუბარი, რომელიც შეეხებოდა იმას, რომ ცოტა ხნის წინ, მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას, თ. მაისურაძემ დაუმალა და არ გაუმხილა ს. გირგვლიანს, რომ იმყოფებოდა „შარდენ ბარში“, არამედ მოატყუა, თითქოს სხვა ბარში იყო, მეგობარ გოგონებთან ერთად.
ს. გირგვლიანსა და თ. მაისურაძეს შორის მომხდარი შელაპარაკება შეუმჩნეველი არ დარჩა ამავე ბარში მყოფ ს. გირგვლიანის მეგობარს ზაალ ქურციკაშვილს, რომელმაც მოსალოდნელი უსიამოვნების თავიდან არიდების მიზნით, სანდრო გირგვლიანი გამოარიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თ. მერაბიშვილის სუფრას. თუმცა, ს. გირგვლიანმა განაგრძო საყვედურების გამოთქმა. ზაალ ქურციკაშვილმა რამოდენიმეჯერ შენიშვნაც კი მისცა მას და დამშვიდებისაკენ მოუწოდა. მოგვიანებით, თ. მაისურაძე გადაჯდა სანდრო გირგვლიანის მაგიდასთან, სადაც მათ შორის კვლავ გაგრძელდა საუბარი მკვეთრი ჟესტების ფონზე. ერთმანეთს შორის ურთიერთობათა გარკვევისას ს. გირგვლიანმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მინისტრის მეუღლის სუფრასთან მჯდომი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობის პირი.
ოქროყანის სასაფლაო…
სანდრო გირგვლიანსა და თ. მაისურაძეს შორის გამართული დაძაბული საუბარი და მათი მისამართით გამოთქმული პრეტენზიები, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ თ. მაისურაძის სუფრის წევრებს, რისი დასტურიც აღმოჩნდა “შარდენ ბარის” მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების სასწრაფო თავმოყრა. კერძოდ, სუფრასთან მყოფი დათა ახალაიას დავალებით, ს. გირგვლიანთან ანგარიშსწორების მიზნით, “შარდენ ბარის”, თავისუფლების მოედნის, ლესელიძის ქუჩის მიმართულებით და მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, დავით ქოქიაშვილი, იოსებ ხასაია, ვალერიან მეტრეველი და სხვები. დროის რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ს. გირგვლიანმა და მისმა მეგობარმა დატოვეს ბარი და გარეთ გავიდნენ. მათ დათა ახალაიას მითითებით უკან გამოჰყვათ მინისტრის მეუღლის სუფრის ერთ-ერთი წევრი – ო. მელნიკოვი, რათა დ. ახალაიას გამოძახებით ქუჩაში მყოფი „კუდ“-ის თანამშრომლებისათვის მიენიშნებინა მსხვერპლზე. ო. მელნიკოვის მინიშნებით გ. ალანიამ, თანმხლებ პირებთან – ალ. ღაჭავასა და დ. ქოქიაშვილთან ერთად, ს. გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩაისვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ქალაქგარეთ, თბილისიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე ოქროყანის სასაფლაოზე. აქ მათ შემოუერთდათ ა. აფციაური და მ. ბიბილურიძეც. გამტაცებლებმა ს.გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ს. გირგვლიანს წამების მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს აურაცხელი ჭრილობა, მათ შორის 12 ჭრილობა ყელის არეში. გარდა ამისა, მას დაზიანებები აღენიშნებოდა ასევე მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე, წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ და ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით მიატოვეს უკაცრიელ ადგილას. 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა მეგობრებმა იპოვეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გირგვლიანისათვის ჭრილობათა უმეტესობა მიყენებული იყო ყელის არეში, მათ შორის სასიკვდილო აღმოჩნდა ხორხზე მიყენებული ღრმა ჭრილობები.
რაც შეეხება ლ. ბუხაიძეს, გამტაცებლებმა, ძლიერ ნაცემი და შიშველ მდგომარეობაში მყოფი დატოვეს რა სასაფლაოზე, მან გააღწია და მიაგნო უახლოეს ბენზინგასამართ სადგურს, საიდანაც დაუკავშირდა პოლიციას.
მერაბიშვილის ბრალი…
ივ. მერაბიშვილს ბრალი ედება იმაში, რომ მოქმედებდა რა დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და მისი მეუღლისათვის, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალი რანგის მოხელეებისათვის უკანონო უპირატესობების მინიჭების პირადი მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით (რასაც განსაზღვრავდა არა მხოლოდ დაკავებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობიდან გამომდინარე ფორმალურ-სამართლებრივი უფლებამოსილებები, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობრივი ავტორიტეტითა და ფაქტობრივი გავლენით განპირობებული შესაძლებლობები, აგრეთვე მისი სამსახურებრივი კავშირები), უკანონო ჩარევის გზით და ერთიანი განზრახვით გავლენას ახდენდა სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და თავისუფლების ხელყოფის სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების მთელ პროცესში მიკერძოებული, არასრულყოფილი, უსამართლო და არაობიექტური სამართალწარმოების უზრუნველყოფისათვის, შემდეგ კი სასჯელის მოხდის მთელ პერიოდში განაჩენის არასათანადო აღსრულებისათვის მსჯავრდებულთათვის უკანონო შეღავათების დაწესებისა და პირობების შექმნისათვის, ასევე სასჯელისაგან მათი ვადამდე გათავისუფლებისათვის.
ივანე მერაბიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებათა შედეგად სანდრო გირგვლიანის საქმეზე განზრახ არ იქნა მხილებული დანაშაულში მონაწილე ყველა პირი და არ მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხოლო საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ არ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, ადექვატური სამართალწარმოება, რამაც განაპირობა სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირთა მიმართ დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე განაჩენის არასათანადოდ აღსრულება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.