სტუდენტები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს და საზაფხულო ბანაკის სტუდენტებისთვის დახურვას აპროტესტებდნენ. ფლეშმობის დასასრულს აქციის მონაწილეებმა წყალი გადაისხეს.
ამჯერად “ანტიპოდებმა” მორიგი აქცია დააანონსა, რომელიც 26 ივნისს ისევ განათლების სამინისტროსთან გაიმართება. ამჯერად აქცია-ფლეშმობს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად პროფესორ-მასწავლებლებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროს წინ მწოლიარე აქციას გამართავენ სიმბოლურად იმისა, რომ არ უნდა გადააბიჯონ სტუდენტებსა და ლექტორებს.
24 ივნისს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “დროამ” იგივე შინაარსისა და ფორმის აქცია 25 ივნისს კანცელარიასთან დაანონსა, რასაც სტუდენტური მოძრაობა “ანტიპოდების” წევრების აღშფოთება და გაღიზიანება მოჰყვა _ ისინი “დროას” პლაგიატში და იდეის ქურდობაში ადანაშაულებენ.
ჩვენ “ანტიპოდების” ლიდერს ვესაუბრეთ:
თორნიკე ჩიქოვანი: “ჩვენი იდეა მოიპარა არასამთავრობო ორგანიზაცია “დროამ”. მწოლიარეა აქცია, რომელიც ერთი კვირის წინ დავაანონსეთ, დაგეგმეს ხვალ. ვესაუბრე “დროას” წევრს და მისი არგუმენტი იყო ის, რომ მათ არაფერი იცოდნენ ჩვენი აქციის შესახებ. შემდეგ ივენთზე დაიწერა კომენტარი, სადაც “დროას” ერთ-ერთმა წევრმა გაიმართლა თავი, რომ აპირებდნენ ჩვენთან შემოერთებას. ჩვენს შესახებ იცოდნენ, რაც დაპირისპირებაში მოდის მეორე მეგობრის ლევან ხაბეიშვილის ნათქვამთან, რომ მათ არაფერი იცოდნენ “ანტიპოდების” აქციის შესახებ. მგონი, ყველაფერი ნათელია. სტუდენტები და ლექტორები იმისთვის ვერთიანდებით, რომ ის პრობლემა, რაც დადგა უმაღლესი სასწავლებლების წინაშე, მოგვარდეს. ვაჟა-ფშაველას ძეგლზე წავაწყდი წარწერას _ “არ შეეხოთ უნივერსიტეტს!” ორგანიზაცია “დროამ” მოპარული იდეით დაგეგმილი აქციით “ანტიპოდებისა” და პროფესორ-მასწავლებლების ორგანიზებულ აქციას ანტიპიარი გაუწიეს. იმასაც კი ვერ ხსნიან თუ რატომ, როდის და როგორ დაგეგმეს ეს აქცია. ფაქტია, რომ მათ იდეა მოიპარეს და ჩვენ აქციაზე ერთი დღით ადრე დაგეგმეს , მაშინ როცა ჩვენ ამ აქციას ერთი კვირაა ვაანონსებთ.”
“დროა”-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი “ანტიპოდების” ბრალდებას აბსურდს უწოდებს და სოციალური ქსელით პასუხობს:
ლევან ხაბეიშვილი: “მობრძანდით და ჩაშალეთ აქცია ამბიციების გამო. ხალხო, არ გიცნობთ და აზრზე არ ვართ არც ერთი “დროელი”, ვინ ხართ, რას საქმიანობთ და როგორ უნდა მოგვეპარა “თქვენი იდეა”??? მოდით, ჩვენ საერთოდ არ გავერევით და თქვენ გააკეთეთ აქცია, არაა პრობლემა! აქ მთავარი საერთო საქმისადმი ინტერესია და არა პირადი ამბიციები!!! კიდევ გეუბნებით, მინიმუმ უნდა ვიცოდე თქვენი იდეის შესახებ, რომ მერე მოგპაროთ!”