გასულ უქმეზე ქალაქ გორში ტრადიციული ტურნირი გაიმართა კარატე-დოში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან ერთად ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ. გორის ტურნირში ლანჩხუთელმა კარატისტებმა 11 საპრიზო ადგილი ირგუნეს.
ლანჩხუთელ სპორტსმენთა თავკაცის, მერაბ თურქიას თქმით, გორის ტურნირზე ჩვენებურებმა ოთხი _ პირველი, ოთხი _ მეორე და სამი მესამე ადგილი დაიკავეს.
ჩვენებურმა ზურაბ ბერიძემ ზედიზედ ოთხი დაძაბული ორთაბრძოლა მოიგო და ფინალურ ეტაპზე თბილისელ მეტოქეს დიდი უპირატესობით _ 6:0 აჯობა და შესაბამისად, პირველი ადგილიც დაისაკუთრა.
ტურნირის კიდევ ერთი გამარჯვებული გახდა გიორგი ჩხაიძე, რომელიც საქართველოს ნაკრებში ირიცხება და ამ ტურნირზე ლანჩხუთელთა გუნდის ფავორიტი იყო. აქვე ცალკე აღნიშვნის ღირსია იური ევგენიძის ასპარეზობა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ვარჯიშს შეუდგა, თუმცა, თავდადებული შრომის შედეგად შეძლო წარმატების მიღწევა და გორის ტურნირზე პირველობაც არავის დაუთმო.
როგორც მერაბ თურქია ამბობს, ლანჩხუთელმა კარატისტებმა დასანანი ოთხი ფინალური შეხვედრა წააგეს.
„მერაბ ლომაძე, საბა ჩხაიძე, ლაშა კოსტავა გამოცდილი სპორტსმენები არიან, ფინალშიც ღირსეულად გავიდნენ, თუმცა, საბოლოო გამარჯვებამდე მცირდი დააკლდათ. რაც შეეხება მეოთხე მეორეადგილოსან ლუკა ვანაძეს, ის ჯერ მხოლოდ შვიდი წლისაა, ფინალურ ეტაპზე გამოცდილება არ ეყო და მინიმალური ანგარიშით_ 0:1 დამარცხდა“, _ ამბობს თურქია.
მესამე საპრიზო ადგილები კი ჩვენებურთაგან ანრი ჩხარტიშვილმა, ლუკა ლომაძემ და თორნიკე პოლოიანმა მოიპოვეს.
გორის ტურნირისთვის ლანჩხუთელთა გუნდი მერაბ თურქიამ (შეჯიბრის მთავარი არბიტრიც გახლდათ), ლაშა ბერიძემ და მანუჩარ ჩხაიძემ (ტურნირის მსაჯი) მოამზადეს.