“ბოლო დღეებია საზოგადოება იმდენად არის მოცული ნაციონალური მოძრაობის წრეგადასული სისასტიკის ახლად აღმოჩენილი ფაქტების განხილვით, რომ სათანადო ყურადღება არ თუ ვერ დაეთმო პატრიარქის ინიციატივას, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დემოგრაფიული ფონდის შეკრებაზე გააჟღერა. ინიციატივა ეხება სკოლებში “ოჯახისთვის მზადების“ კურსის შემოღების საკითხს.
ეს არის იმ ტიპის სიახლე, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ახალი თაობის მომზადებას მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ქართული ტრადიციების შენარჩუნება და ახალი დროის გამოწვევებზე პასუხის გაცემა უნდა იყოს ამ კურსის ძირითადი მიზანი. თანამედროვე სამყაროში, ჩვენს ახალგაზრდებს სკოლიდანვე სჭირდება, რომ მკაფიოდ გაიაზრონ რა არის ოჯახის ფენომენი და როგორ უნდა მოემზადონ მომავალი ოჯახური ცხოვრებისთვის.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს ამა თუ იმ სახის დემოგრაფიული პრობლემა, მაგრამ განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაითავისა, ვერ ან შეგნებულად არ იგრძნო ეს ეროვნული საფრთხე. ვერ გახადა საზოგადოებრივი განსჯის საგანი, დიდი ეროვნული სატკივარი, ვერ ჩამოაყალიბა ერის ფიზიკური გა-დარჩენის სტრატეგია და პოლიტიკა, არც კი იფიქრა და თავიც არ შეიწუხა ამ ეროვნული სატკივარით. იმედია დღევანდელი ხელისუფლება სათანადო ყურადღებას დაუთმობს აღნიშნულ საკითხს. ამ თვალსაზრისით საშუალო სკოლებში “ოჯახისათვის მზადების“ კურსის შემოღება არის გამორჩეულად კეთილშობილი იდეა, რადგან საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებას. ესეც რომ არ იყოს, ოჯახი არის იმ ღირებულებათაგანი, რომელზედაც სახელმწიფო შენდება და ამ თემის მიმართ ზოგიერთების მხრიდან ქილიკი აბსოლუტურად გაუგებარია.
დემოკრატიული მოძრაობა და პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე წლებია საკითხის აქტუალობას აფიქსირებს და მოუწოდებს დღევანდელ ხელისუფლებას დროულად შეიმუშაონ და განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია, რათა აღნიშნული კურსის დაწყება ამ სასწავლო წელსვე გახდეს შესაძლებელი”, _ აღნიშნულია განცხადებაში.