_ მწამებლები დაისაჯნონ კანონის მთელი სიმკაცრით. ასევე, მათთვის ამგვარი დავალების მიმცემნიც. დანარჩენ ხალხზე კი, ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე, განზოგადებით იგივე დანაშაულში ბრალეულობის დაკისრება უზნეობა, ფარისევლობა და ცილისწამებაა, რაც მიზანს – საბოლოო დემონიზაციას – რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს.
ასევე, ძალიან საინტერესოა, რამდენად კანონიერია საგამოძიებო მასალების აქეთ-იქით ტარება და მისი გარკვეული ჯგუფებისთვის გაზიარება.
ნათელია, რომ საქმის ობიექტურად გამოძიებას და შემდგომ ობიექტური სასამართლო პროცესის ჩატარებას საგამოძიებო მასალების კონფიდენციალობის დარღვევა მთლიანად გამორიცხავს. ხელისუფლების სულმოკლეობამ მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერისა გადაწონა ამ საზარელი ქმედების (წამების) სამუდამო დასამარების ინტერესი, რისთვისაც აუცილებელია სრულიად ობიექტური და კომპეტენტური გამოძიება. ამ კადრების, როგორც მტკიცებულების, კომპრომეტირება ფატალურად “აფუჭებს” საგამოძიებო საქმეს. წესით ამას უნდა ხვდებოდეს ნემისმიერი კომპეტენტური იურისტი და პროკურორი.
მეორეს მხრივ, მწამებლების მხრიდან წამების ჩაწერის, პირადი ცხოვრების ეპიზოდების ჩაწერის მთავარი მიზანი ხომ ამ ჩანაწერების გამოყენება იყო ნამდვილ თუ წარმოდგენილ მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ.
რა ხდება დღეს? ის ფაქტი, რომ დღევანდელი შსს აჩვენებს ამ ფირებს სხვადასხვა ჯგუფებს იმისთვის, რომ მოხდეს პოლიტიკური ოპონენტების სრული დემონიზაცია _ რა არის ეს, თუ არა ამ ჩანაწერების “გამოყენება” ოპონენტების წინააღმდეგ?! ვიმეორებ, ამ ფირების ჩამწერთა მოტივაცია ხომ მათი “გამოყენება” იყო? ის ფაქტი, რომ ეს ჩანაწერები სხვების გაკეთებულია, მათ დღევანდელ “გამომყენებლებს” არ ანთავისუფლებს მათი ხელის მოთბობის პასუხისმგებლობისგან. ეს სრულიად ლოგიკურია, _ აღნიშნავს რურუა სოციალურ ქსელში.