განცხადებას, რომელიც სამსახურის პრესცენტრმა გაავრცელა თან ახლავს ფარულად გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც მათივე განმარტებით ჩანს, მერიის ჩინოვნიკების აღტკინებული სახეები თბილისელების თანხების მითვისების მომენტში.
_ „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე თვის განმავლობაში დეტალურად სწავლობს თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის გაფლანგვის ფაქტებს. უტყუარადაა დადგენილი რომ მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო მონაწილეობით და ხელშეწყობით თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან რომლის ხელმძღვანელიც მიმალვაში იმყოფება. სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური მეთოდებით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის რამდენიმე ათეული უშუალოდ ბანკომატიდან ნაღდი ფულის სახით არის გატანილი და სავარაუდოდ მითვისებული.“ _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
უპრეცედენტო კორუფციული სქემის თვალსაჩინო მტკიცებულებად საგამოძიებო სამსახურმა წარმოადგინა ფარული ვიდეო კადრები სადაც მათი განცხადებით დედაქალაქის მერიის მოხელეები განსაკუთრებული აღტკინებით პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც ქალაქის ინფრასტუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
თბილისის მერის განცხადებით დღეს დილით მერიისა და გამგეობების 30-მდე თანამშრომელი ხელბორიკილების გამოყენებით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით მოწმის სტატუსით გაათავისუფლეს.
უგულავამ პროცესს „თანამშრომლებზე ნადირობა უწოდა“.