საპარლამენტო უმცირესობამ პოლიტიკური ბოიკოტი გამოაცხადა და სამართლიანობის აღდგენის მოტივით, სრული შემადგენლობით, თბილისში გაემგზავრა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შეუძლებელია ასეთ პირობებში მუშაობა, მაშინ როცა მიზანმიმართულად მიმდინარეობს მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დევნა და განადგურება. მან, ასევე, უკანონო უწოდა თბილისის მერიის თანამშრომლების დაპატიმრებას.
“საზოგადოებას მოეხსენება, რომ გუშინდელი დღიდან, ფინანსური პოლიციიდან და მთავრობის მხრიდან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ მიმდინარეობს უპრეცედენტო შეტევა.”ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და თბილისის მერიის თანამშრომლებზე ხორციელდება უკანონო გატაცებები, რაც, ბუნებრივია, არღვევს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ისინი საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევით დააკავეს.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას რუტინულ საპარლამენტო საქმიანობაში და ისეთი კანონპროექტების განხილვაში, რომელიც სერიალების შეზღუდვას ითვალისწინებს. მაშინ როცა მიმდინარეობს “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის, როგორც მთავარი პოლიტიკური ძალის განადგურების პროცესი და ეს შეტევა პერმანენტულ ხასიათს იღებს ბოლო დღეების განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში. საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს საპარლამენტო სხდომას, მივდივართ თბილისში და იქ გავაგრძელებთ სამართლიანობისთვის ბრძოლას,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსურმა პოლიციამ კორუფციული საქმიანობის გამო თბილისის მერიის თანამშრომლების დააკავა, რასაც საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ბოიკოტი მოჰყვა და უმცირესობამ სრული შემადგენლობით საპარლამენტო სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.






































































