(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საბოლოო შეთანხმების შემდეგ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მოსახლეობა “თაღარად” წოდებულ ფართობს ღობავს, სადაც ყოველ წელს სიმინდს თესენ. შეიძინეს მავთულბადე, ხოლო თითოეულ ოჯახს, ადგილობრივ მკვიდრთა გადაწყვეტილებითვე, დაევალა სამ-სამი ცალი ბოძის შეგროვება.
ჭანიეთის თემში შემავალ სოფელ ქაქუთშიც საყანე ფართობს ღობავენ, თუმცა, იგი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავს.
_ გასულ წელს, საშინელი გვალვის გამო, უსიმინდოდ დავრჩით. წელს, ვინ იცის, რა იქნება. ჩვენ მაინც თეთრ სიმინდს ვთესავთ _ ასე გვირჩევნია. ვცდილობთ, ადრიანად დავხნათ და დავთესოთ. საგულდაგულოდ შეღობილი რომ იქნება, შარშანდელივით პირუტყვი ვერ იშლიგინებს შიგ, _ ამბობენ ადგილობრივები.
“გურია ნიუსთან” საუბრისას ჭანიეთის რწმუნებულმა დათო მჟავანაძემ თქვა, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხის ნაწილი სოფლის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას მოხმარდება: _ ოღონდ მუშახელმა ენთუზიაზმით უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა არ გვეყოფა, _ თქვა მან.
სოფლის მოსახლეობა ასეთ პირობაზე თანახმაა, ოღონდ ვიდრე ყანები არ შეიღობება, არაფრის გაგონება არ გვსურსო, _ ამბობენ ისინი.