კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა, ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები საფუძველს მაძლევს, ვამტკიცო, რომ მომხდარი თვალსაჩინო პოლიტიკური მოტივებით განხორციელებული პროვოკატორული მოქმედებაა, რომლის ავტორები გახლავთ სააკაშვილი–მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები, რომლებიც ჯერაც გარკვეულწილად ინარჩუნებენ გავლენას ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში.
მაქვს საფუძველი იმის მტკიცებისა, რომ ასეთი პროვოკაციული ნაბიჯით ზემოაღნიშნული წრეები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება სომეხ მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და ორმხრივი უნდობლობის პირობებში აღადგინონ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დათმობილი პოზიციები.
ვფიქრობ, მომხდარი მეტწილად შედეგია იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება წინა რეჟიმის მხრიდან ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მიმართ გატარებული დანაშაულებრივი პოლიტიკის გასამართლების, სამართლიანობის აღდგენის, სომხებით დასახლებულ რაიონებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების პრინციპულ საქმეში დღემდე ვერ ავლენს საჭირო განსაზღვრულობასა და პოლიტიკურ ნებას.
მსურს ვირწმუნო, რომ ის ძალები, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ჩემი ძმის დაკავებასთან დაკავშირებული მოქმედებები, მცდარნი აღმოჩნდებიან საკუთარ გათვლებში და მათი პროვოკაცია ჩავარდება.
კიდევ ერთხელ ვამტკიცებ, რომ ვმოქმედებდი, ვმოქმედებ და მომავალშიც ვიმოქმედებ ექსკლუზიურად კანონიერების ფარგლებში. ვაცხადებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, გავაგრძელებ რეგიონში სრულყოფილი დემოკრატიის განმტკიცებისადმი, ჯავახელი სომხების მოქალაქეობრივი, ენობრივი, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული უფლებების დაცვისადმი მიმართულ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას.
ვაჰაგნ ჩახალიან, 2013წ., 30 ივნისი, ახალქალაქი,” _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.