კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უმცირესობა ამით თავს არიდებს პასუხისმგებლობას.
“ეს არის სხდომა, რომელზეც ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებს. ლოგიკურად, უმცირესობა უნდა დაინტერესებულიყო ამ საკითხებით. მით უმეტეს, როცა ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მაგრამ როგორ უნდა შევქნათ საგამოძიებო კომისია, როდესაც პირველად ინფორმაცია არ გვაქვს მიღებული. მე ვფიქრობ, რომ თავიდანვე განზრახული ჰქონდათ მოლოდინი, რომ უმრავლესობა არ დათანხმდებოდა არც საგამოძიებო კომისიის შექმნას და არც საკითხის მოსმენას, მაგრამ “კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”. საზოგადოების ინტერესია, რომ კითხვებს პასუხი გავცეთ. მე ვფიქრობ, რომ უმცირესობა პასუხისმგებლობას გაურბის _ საქმე გვაქვს იმ დანაშაულობებთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო ჩადენილი და ამ ნაწილში ისინი გაურბიან პასუხისმგებლობას,” _ განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა უმცირესობის ბოიკოტის მიზეზებზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობამ, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა, მანამდე მათივე მოთხოვნა იყო, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებსა და ფარულ ჩანაწერებზე პარლამენტში, საგამოძიებო კომისია შექმნილიყო. სწორედ უმცირესობის მოთხოვნის გამო ჩაინიშნა პარლამენტში “თავდაცვის კომიტეტის” დახურული სხდომა, რომელშიც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ მონაწილეობენ.