ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დეპუტატებს სრული უფლება აქვთ, ეს კადრები ნახონ. მისივე თქმით, თუ დეპუტატებს ამის სურვილი ექნებათ, კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ვიდეომასალების ჩვენებაც შედგება. თუმცა, ეს ნებაყოფლობითია და ის დეპუტატები ნახავენ, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ.
“ამ კადრების ჩვენების საშუალება ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს და ჟურნალისტებს. დეპუტატებს ხალხის მანდატი აქვთ და მათაც აქვთ უფლება ნახონ ეს კადრები, თუმცა, არ აქვთ ვალდებულება. მე კომიტეტის დამსწრე დეპუტატებს ვთხოვე, თუ სურვილი აქვთ, დარჩნენ და ნახონ ეს კადრები. ვისაც არ უნდა, შეუძლია დატოვოს სხდომა. კომიტეტის სხდომის მთავარი თემაა, ინფორმაცია მივიღოთ საგამოძიებო პროცესების შესახებ, ჯიჰადის კლიპებსა და სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებზე,” _ განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში თავდაცვის კომიტეტის დახურული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანიც ესწრება.