2013 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერისა (685 032 კაცს) და მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის (21 721 კაცს) პენსიის მინიმალური ოდენობა გაუტოლდება საარსებო მინიმუმის დღეს არსებულ დონეს და განისაზღვრება 150 ლარის ოდენობით;
2013 წლის 1 სექტემბრიდან მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (სულ: 98 714 კაცს) არსებული პენსია – 70 ლარი, მარჩენალდაკარგულებსა (27 631 კაცს) და პოლიტრეპრესირებულებს (1 447 კაცს) არსებული პენსია – 55 ლარი გაეზრდებათ – 100 ლარამდე;
2013 წლის ივლისის თვეში ვეტერანებისთვის ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დარჩენილ ვეტერანებს (37 000 კაცს) და მათთვის შეთავაზებული იქნება პედაგოგებისათვის არსებული დაზღვევის პაკეტი.
პირველი ივლისიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც 1 ივლისის მდგომარეობით არ გააჩნდათ ჯანმრთელობის დაზღვევა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირველ ეტაპზე დარეგისტრირებულია 1,350,000-მდე ბენეფიციარი, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გაეწია 40 ათასზე მეტ პაციენტს, ხოლო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება 15 ათასზე მეტს. პროგრამაში ჩართულია 425 პროვაიდერი დაწესებულება.