_ ცვლილებები, რომელიც “საქართველოს ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” კანონის მე-3 მუხლს ეხება, განსაზღვრავს, როგორი ტიპის ნარჩენების იმპორტია დასაშვები ჩვენს ქვეყანაში. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოში დასაშვები ნარჩენების ჩამონათვალს ემატება ტიტანისა და ვანადიუმის ორჟანგის შემცველი გრანულირებული წიდა და მძიმე ნაცარი, რომელიც ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ გამოიყოფა. ამ ნივთიერებების გამოყენებას კი ჰესების მშენებლობისთვის საჭირო ბეტონისთვის გეგმავენ.
სწორედ “საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გასვლით სხდომაზე.
სხდომას, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა, კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი ხელმძღვანელობდა. მომხსენებელი საქართველოს ენერგეტიკის მოადგილე ირაკლი ხმალაძე იყო. კანონპროექტის ინიციატორი ენერგეტიკის სამინისტროა.
კანონპროექტში შესატანი ცვლილებები “საქართველოს ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” კანონის მე-3 მუხლს ეხება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი ტიპის ნარჩენების იმპორტია დასაშვები ჩვენს ქვეყანაში. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საქართველოში დასაშვები ნარჩენების ჩამონათვალს ემატება ტიტანისა და ვანადიუმის ორჟანგის შემცველი გრანულირებული წიდა და მძიმე ნაცარი, რომელიც ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ გამოიყოფა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტიტანისა და ვანადიუმის ორჟანგი საჭიროა ჰესების მშენებლობაში გამოსაყენებელი ცემენტისთვის. მისი შემცველი წიდის და ნაცრის ტრანზიტი არის უსაფრთხო, ამასთან სახელმწიფოს არ აკისრებს არანაირ ფინანსურ ვალდებულებას.
კანონპროექტს ერთხმად ეწინააღმდეგება არასამთავრობო სექტორი.
ვაჟა სხვიტარიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკური უნივერსიტეტი: “ტერმინი “სამშენებლო ნაცარი”, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ბრძანებს, ასეთი ცნება არ არსებობს. ნაცრის ცემენტბეტონში შერევის თემა მუდმივად განახლებადია, რადგან მას გააჩნია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. ნაცრის ცემენტბეტონის შერევის შესაძლებლობა დასაშვებად მიგვაჩნია მხოლოდ შედარებით დაბალი პასუხისმგებლობის მატარებელი შენობა-ნაგებობისათვის და არა ურთულესი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისას”.
როგორც ვაჟა სხვიტარიძე აღნიშნავს, ნაცრის საშუალებით ცემენტის “ჰიდროტექნიკურად” ქცევა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები.
“ჰესების მშენებლობა ჰიდროტექნიკური დანიშნულების ცემენტებისა და ბეტონების გამოყენების გარეშე “შენელებული მოქმედების ნაღმია”, რადგან ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჰესები განიცდიან ისეთ ძლიერ კოროზიულ _ ცვალებადი ხასიათის დინამიურ ჰიდროდატვირთვებს, რომლებსაც წინააღმდეგობას უწევს მხოლოდ მაღალი ხარისხის ჰიდროტექნიკური ბეტონი და რომელთა პრევენციის გარეშე, ადრე თუ გვიან, თავს იჩენს კაშხლის ბეტონის დესტრუქცია-ნგრევისა და გარემოს წალეკვის ნეგატიური მოვლენები, რომელთა მაგალითები მსოფლიოში უხვადაა” ,- აღნიშნავს სხვიტარიძე და მოუწოდებს ენერგეტიკის სამინისტროს, “მძიმე ნაცრის” საშუალებით ცემენტის ჰიდროტექნიკურად ქცევაზე უარი თქვას.
ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის თქმით, თბოელექტროსადგურების მიერ დატოვებული ნარჩენები საქართველოშიც უხვად მოიპოვება. თუმცა თავის დროზე მათ ბეტონში შერევაზე უარი ითქვა. რეკომენდაცია მიეცა მხოლოდ ზესტაფონის ფერო შენადნობთა ქარხნის ერთ-ერთ ტექნოგენურ მტვერს. სხვიტარიძის განცხადებით, თუ მაინც და მაინც ნაცარი გვჭირდება, საქართველოშიც გვაქვს, სხვა ქვეყნებიდან მისი შემოტანა კი არ არის საჭირო.
ვაჟა სხვიტარიძეს ეთანხმება ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი, რომლის განცხადებით, ჭიათურაში ფერო შენადნობი ქარხნის ნარჩენების მთები დგას, იმის გამო, რომ ზესტაფონში არ ეტევა. მისი თქმით, საჭიროა ჩატარდეს ამ ნარჩენების ანალიზი და თუ გამოსადეგია ცემენტისთვის, ის იქნას გამოყენებული.
აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე: “მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების ეს ტიპი განეკუთვნება “მწვანე სიას”, ბევრ ევროპულ ქვეყანას არ აქვს დაშვებული საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შეტანა. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ ეს ნაცარი არის საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით და დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს “ნარჩენს” და თუ ცემენტის მწარმოებლებს ეს ესაჭირეობათ, მათ შეუძლიათ ის გამოიყენონ და შეუწყონ ხელი ამ დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდას”.
რაც შეეხება ცემენტის მწარმოებელი ქარხნების წარმომადგენელთა პოზიციას, რომელთა იმპორტირებული ნარჩენებით დაინტერესება მოჰყავს ერთ-ერთ არგუმენტად ენერგეტიკის სამინისტროს, არ არის ცალსახა.
“ჰაიდელბერგცემენტის” ტექნიკური დირექტორის ზაზა სადუნიშვილის თქმით, მათ შეუძლიათ 100-%-იანი გარანტია დადონ იმისა, რომ ამგვარი ნარჩენების შემოტანის საჭიროება არ არსებობს: “ჰაიდელბერგი” დღეს ადგილობრივ ნარჩენებს იყენებს. ამ მშენებლობისთვის “ნაცრის” გამოყენების ალბათობა ნულია”, _ აცხადებს ის.
“აჭარენერჯის” წარმომადგენლის სოფო ვარშალომიძის თქმით, მათ კომპანიას, სადაც თურქ ინვესტორებს აქვთ ინვესტიცია ჩადებული, ჰესების მშენებლობაში ნამდვილად სჭირდება აღნიშნული ნაცარი. თუმცა პრინციპული მოთხოვნა არ აქვთ, სხვა ქვეყნიდან მის იმპორტზე.
ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” და პარლამენტარი გია გაჩეჩილაძე ენერგეტიკის სამინისტროს თურქი ინვესტორების ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, თურქეთს ნარჩენების მოშორება უნდა და თურქული კომპანიები, რომლებიც ჭოროხზე კაშხლებს აშენებენ, თავიანთ სახელმწიფოს ამით ხელს უწყობენ.
“ჩვენ კიდევ ნაგავი გვინდა?! რაც გვაქვს, იმისგან გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორია, სხვებს რომ ვუთმობთ ადგილს. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის რადიაციული ფონი, მცირე მაგრამ მაინც, რაც ნარჩენების შემოტანით შეიქმნება. საქართველოს კანონი “ბირთვული და რადიაციული ნივთიერებების შესახებ” კი, კრძალავს ჩვენს ქვეყანაში რადიაციული ნივთიერებების შემოტანას”, _ აცხადებს გაჩეჩილაძე.
რადიაციული ფონის მომატებაზე საუბრობს პარლამენტარი ბიძინა გუჯაბიძეც, რომლის თქმით, ინვესტორების ბიზნეს ინტერესები გასათვალისწინებელია, მაგრამ მთავარია შედეგად ეკოლოგიური პრობლემები არ მივიღოთ.
სხდომაზე დასმულ ამ საკითხებზე კახა კალაძის მოადგილეს არ ჰქონდა საკმარისი პასუხები.
არ გამოიკვეთა ნათლად, გამოსადეგია თუ არა საქართველოში არსებული ნარჩენები ჰიდროტექნიკური ცემენტის წარმოებისთვის.
ასევე, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია, მოხერხდება თუ არა საქართველოში ნარჩენების ლაბორატორიული შემოწმება და გვაქვს, თუ არა საერთოდ ამისთვის ლაბორატორიები.
ყველაზე მთავარი, სპეციალისტების თქმით, ნარჩენების გამოყენებას კაშხლების ცემენტისთვის შესაძლოა დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს.
ვინაიდან სხდომაზე კანონ-პროექტის ინიციატორი მხარის მიერ არასაკმარისი არგუმენტები იქნა წარმოდგენილი, კანონპროექტის განხილვა, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, სამომავლოდ გადაიდო.
თურქი ინვესტორის, “ჰაიდელბერგცემენტის” გერმანელი წარმომადგენლის და გია ცაგარეიშვილის კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.