სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 5 სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონე მსჯავრდებულია, ხოლო 1 ქალბატონი სასჯელაღსრულების დაწესებულებას მცირეწლოვან შვილთან ერთად დატოვებს.
ადგილობრივმა საბჭომ ზეპირი მოსმენით დღეს იმ 28 მსჯავრდებულის განცხადება განიხილა, რომლებმაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე სასჯელის ვადის ნახევარი, მძიმეზე – 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – 3/4 მოიხადეს.
პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, ადგილობრივმა საბჭომ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დახასიათებისა და მსჯავრდებულების ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის გარდა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ასაკი, დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, მისი ქცევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ნასამართლობა და წარსულში ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი. შეფასდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც.
პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოში სამინისტროს აპარატის თანამშრომლის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან. საბჭო გადაწყვეტილებას უმრავლესობის პრინციპით იღებს.