როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ შვიდ ოზურგეთელ სტუდენტს სწავლის საფასურის გარკვეული ნაწილი (ზოგს _ 1125, ზოგს _ 500 ლარი) ერთჯერადად დაუფინანსა.
ჩვენი წყარო ამბობდა, რომ აღნიშნული სტუდენტები შარაშენიძის ფავორიტი სწორედ ნათესაობის და მშობლების მიერ, მისადმი არჩევნებზე გამოჩენილი მხარდაჭერის გამო გახდნენ.
“გურია ნიუსის” ჟურნალისტმა მარინე ჩიხლაძემ მუნიციპალიტეტის მერიიდან შესაბამისი საჯარო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გამოითხოვა, რომელშიც აღნიშნულია:
“2018 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 7 სტუდენტს სასწავლო გრანტის სრული რაოდენობის ნაწილი ერთჯერადად დაუფინანსა. მათ შორის იყვნენ სოციალურად დაუცველი და, ასევე, წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, განსაკუთრებული სასწავლო მიღწევებით, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ორიენტირებული არიან თვითგანვითარებასა და სრულფასოვანი უმაღლესი განათლების მიღებაზე, არიან საერთაშორისო სტუდენტურ-ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე და წარმოდგენილი აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სტუდენტების დაფინანსება გახორციელებულია მერის სარეზერვო ფონდიდან ბრძანებით გამოყოფილი თანხით, ზოგადი განათლების ხელშეწყობის მუხლიდან”.
მერიამ, იმის გამო, რომ დაფინანსებული სტუდენტების შესახებ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, სახელების და გვარების გასაჯაროებაზე უარი გვითხრა.
“გურია ნიუსმა” უწყებიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია. უფრო კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ვთხოვეთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 40-ე მუხლის შესაბამისად, ეპასუხა ჩვენთვის, რა დოკუმენტაციის საფუძველზე, ბიუჯეტის რომელი მუხლიდან და რომელ სასწავლებელში გადაერიცხა თანხა კონკრეტულ სტუდენტს. გარდა ამისა, მერს, ასევე, ვთხოვეთ შესაბამისი ბრძანება და გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მოეწოდებინა.
ჩვენს მიმართვაზე, ოზურგეთის მერიის სტატისტიკის და ადგილობრივი არქივის განყოფილებებიდან მოგვწერეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის და “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ “საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას” და ამის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ვერ მოგვაწვდიდა ინფორმაციას “იმ პირთა შესახებ, ვის მიმართაც მერიის მხრიდან გაწეული იქნა ფინანსური დახმარება სწავლის საფასურის დაფარვის თაობაზე”:
“რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტაციის საფუძველზე იქნა მერიის მიერ გადარიცხული სწავლის საფასური, წარმოგიდგენთ დანართის სახით” _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს მზია გაგუა აწერს.
დანართებში კი, მხოლოდ ბრძანებები, გადარიცხვის ქვითრები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის დადგენილება იყო, რომელთაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა.
მიუხედავად იმისა, რომ მერიამ ბრძანებები დაშტრიხული სახით მოგვაწოდა, წარმოდგენილ საგადასახადო დავალებებში ერთ-ერთი დაფინანსებული სტუდენტის ყველა პერსონალური მონაცემი იყო.
ამ დოკუმენტის საფუძველზე, ჩვენ ადვილად შევძელით დაგვედგინა, რომ სტუდენტი, რომელსაც შარაშენიძემ 1 125 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა, ოზურგეთელი არ არის _ ის თბილისშია რეგისტრირებული და როგორც მისმა მამამ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, სკოლაც დედაქალაქში დაამთავრა:
_ 15 წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. იქ დაამთავრა ამერიკული სკოლა და ახლა ესტონეთში აგრძელებს სწავლას. კარგი მოსწავლეა და ამიტომ დააფინანსეს, _ გვითხრა სტუდენტის მამამ ალექსანდრე გ.-მ.
მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მერია სტუდენტების სწავლას აფინანსებდა თბილისში, სამსახურში გაიგო:
_ არ მახსოვს, ვინ მითხრა, მაგრამ თბილისში, სამსახურში მითხრეს და შევიტანეთ განცხადება, _ ამბობს ალექსანდრე გ. ჩვენთან საუბრისას.
კითხვაზე იყო თუ არა ის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, ჩვენი რესპონდენტი გვპასუხობს, რომ არჩევნებზე მხარი არავისთვის დაუჭერია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ვუთხარით, რომ არსებობდნენ მოწმეები, რომლებსაც ის არაერთხელ ჰყავდათ ნანახი შარაშენიძის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული, გვიპასუხა, რომ შეიძლება ასეც იყო: “რა ვიცი, რა მახსოვს. შეიძლება, ვინმემ მთხოვა და ვიყავი” .
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირი, რომელსაც თანხა ჩაერიცხა, ოზურგეთში არ ცხოვრობს, თუმცა, #1566 ბრძანებაში, რომელიც 2018 წლის 28 მარტით არის დათარიღებული, ვკითხულობთ:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ნინო ს.-ს შვილს, გიორგი გ.-ს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სწავლის საფასურის დასაფინანსებლად გამოიყოს 1 125 ლარი”.
ამავე ბრძანებაში მითითებულია ნინო ს.-ს _ გიორგი გ.-ს დედის პირადი ნომერიც, რომლის საშუალებითაც მარტივად დავადგინეთ, რომ გიორგი გ.-ს მსგავსად არც ის არის ოზურგეთის მცხოვრები და ეს გიორგი გ.-ს მამამ _ ალექსანდრე გ.-მაც დაგვიდასტურა.
რაც შეეხება სხვა სტუდენტებს _ მიუხედავად მერიის მტკიცებისა, რომ თანხა სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს ჩაურიცხა, შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოგვიდგინეს. უფრო მეტიც, “გურია ნიუსმა” შვიდივე სტუდენტის მონაცემების გადამოწმება მოახერხა და აღმოჩნდა, რომ მათგან მხოლოდ ერთია სოციალურად დაუცველი პირი.
ჩვენ, ასევე, შევეცადეთ გაგვერკვია, რის მიხედვით გადაწყვიტა ოზურგეთის მერმა, ვისთვის რა თანხა ჩაერიცხა, თუმცა უშედეგოდ _ კონსტანტინე შარაშენიძემ “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.
როგორც გაირკვა, აღნიშნულის შესახებ სტუდენტებსაც არ აქვთ ინფორმაცია. ჩვენთან საუბრისას, ნინო ბ.-მ, რომელსაც მერმა 500 ლარი ჩაურიცხა, აღნიშნა, რომ მას რეალურად მეტი თანხა სჭირდებოდა:
_ 500 ლარი ჩარიცხეს უნივერსიტეტში. რეალურად მეტი მჭირდებოდა. განცხადებაში მივუთითე, რომ იმ თანხით დამხმარებოდნენ, რის საშუალებაც ბიუჯეტში ჰქონდათ და 500 ლარი ჩარიცხეს. სხვა დეტალი არ ვიცი, _ გვითხრა ნინო ბ.-მ, რომლის თქმით, მართალია სოციალურ დახმარებას არ იღებენ, თუმცა, მის ოჯახს ძალიან უჭირს:
_ ადრე, ბეგლარ სიორიძის მერობის დროსაც გამიწიეს დახმარება _ მაშინ, ერთჯერადად მოგვცეს თანხა, რომელიც მე უნივერსიტეტში შევიტანე. იმ დროს ეს დახმარება ძალიან მჭირდებოდა და ასე იყო ახლაც. რაც შეეხება იმას, რატომ 500 ლარი, ვერ გეტყვით. მოხარული ვიქნებოდი, თუ მეტს ჩამირიცხავდნენ, რადგან დიპლომი მაქვს დასაცავი და 850 ლარი მაკლდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ბ.-მ.
ის, რომ სტუდენტების დახმარება კარგი საქმეა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა, როგორც ოზურგეთში ამბობენ, ეს დახმარება შერჩევითი არ უნდა იყოს და მხოლოდ ახლობლებს და მხარდამჭერებს არ უნდა აფინანსებდნენ.
_ ბატონმა კონსტანტინემ თანხა დედის დეიდაშვილის შვილსაც კი ჩაურიცხა. თუ იმსახურებს, კარგია, რატომაც არა, მაგრამ რა დააშავეს ჩვენმა შვილებმა?! მხოლოდ მათმა ახლობლებმა უნდა ისარგებლონ ბიუჯეტით, რომელსაც ჩვენც ვავსებთ? _ აღნიშნავენ ოზურგეთელები.
თუმცა, ეს ერთადერთი პრობლემა არ არის _ როგორ გაირკვა, ოზურგეთის მერს კანონი არ აძლევდა უფლებას სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი დაეფინანსებინა. გარდა ამისა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე ამბობს, “ზოგადი განათლების ხელშეწყობა არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას”:
_ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, საიდანაც თანხებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო. პრაქტიკულად, იგივეს ამბობს საქართველოს ორგანული კანონი _ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
სარეზერვო ფონდიდან თანხის გაცემისას ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნობრიობის დასაბუთებაა. ზოგადი განათლების ხელშეწყობა არ წარმოადგენს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას. ნებისმიერი თანხა, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც თვითმმართველობის არასაკუთარი უფლებამოსილების გახორციელებისთვის ბიუჯეტიდან გაიცემა (გარდა დელეგირებული ან მიზნობრივი ტრანსფერისა), საჭიროებს მისი ხარჯვის განსაკუთრებულ დასაბუთებას, სადაც აღნიშნული უნდა იყოს არამარტო პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა, არამედ სავარაუდო, მოსალოდნელი შედეგიც. სამწუხაროდ, ასეთი სახის დასაბუთებას მერები უმეტეს შემთხვევაში არ აკეთებენ.
კონკრეტულ შემთხვევაში რთულია განვსაზღვროთ, თუ რა სოციალური ეფექტის მომტანი იქნება აღნიშნული ხარჯი, რადგან ერთ შემთხვევაში იგი დახმარების სახითაა გაცემული სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, მეორე შემთხვევაში კი ჯილდოა წარჩინებული სტუდენტებისთვის. ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ასეთი სტუდენტი, შესაძლოა, მრავალი იყოს და ისინი არაინფორმირებულობის გამო არათანაბარ პირობებში არიან. ამასთან, მათაც რომ მიმართონ მერს, შეძლებს კი ყველას გაწვდეს სარეზერვო ფონდი?!
_ ბატონო თამაზ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ერთ-ერთი სტუდენტი, რომელზეც თანხაა გაცემული, არ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული. შეიძლება ოზურგეთის ბიუჯეტიდან გასული თანხა სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებს მოხმარდეს?
_ არა. ადგილობრივი ბიუჯეტი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრას უნდა მოხმარდეს, სოციალური პაკეტითაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნდა ისარგებლონ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას თამაზ ტრაპაიძემ.
P. S. აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მიუხედავად იმისა, რომ მერიიდან ჩვენ კონკრეტულ დოკუმენტაციას ვითხოვდით იმის შესახებ, თუ ვის რის საფუძველზე ჩაერიცხა თანხები, მსგავსი დოკუმენტი ვერ მივიღეთ. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი დასაბუთება არც მერის ბრძანებაში იყო, რასაც კანონიც ითვალისწინებს, ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს ეკატერინე მგელაძეს ვთხოვეთ, მოეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია ან კონკრეტულად ეცნობებინა, ჰქონდათ თუ არა მერიაში სტუდენტების სტატუსის, მათი მიღწევების და აკადემიური მოსწრების შესახებ დოკუმენტაცია, რაზეც ისინი თავდაპირველად გამოგზავნილ წერილში მიუთითებდნენ და რაც მათი არგუმენტით დაფინანსების მიზეზი გახდა. თუმცა, რამდენიმე ზარის და დაპირების მიუხედავად, რომ დოკუმენტებს მოძებნიდნენ და მოგვაწოდებდნენ, ეს არ მოხერხდა _ მერიამ კანონის შესრულებას დუმილი ამჯობინა.