აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ცოცხები, კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს.
“განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი მისი ინიციატივით არაოფიციალურ გარემოში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორ პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების პირობით, მოსამართლის სიტყვებით ეს ყველასათვის კარგი გამოსავალი იქნებოდა. პროკურორმა ამაზე უარი განაცხადა,” _ ეს განცხადება პროკურატურამ გამამართლებელი განაჩენის პასუხად გააკეთა. მოსამართლე ჯეირანაშვილმა გაუპატიურებასა და წამებაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნები გაამართლა და დარბაზიდან გაუშვა.
გუშინვე, უზენაესმა სასამართლომ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. სასამართლო ამტკიცებს, რომ პროკურატურამ სასამართლოში არასრულყოფილად გამოძიებული საქმე მიიტანა, რაც მტკიცებულებებით გამყარებული არ იყო.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დასაბუთებული განაჩენი ჯერ არ მიუღიათ. განაჩენის მიღების შემდეგ გადაწყდება მისი გასაჩივრების საკითხი.
პროკურატურა სასამართლოსკენ იშვერს ხელს, სასამართლო კი გამოძიების არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. გაუპატიურება-წამებაში გამართლებული პოლიციის მაღალჩინოსნები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, პარალელურად კი ბორჯომში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული პოლიციის ყოფილი უფროსი მოტოციკლეტით გადაადგილდება და ხალხს იარაღით აშინებს. ამ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” კატეგორიულად უარყოფს ხვედელიანის ადვოკატი.
ვინ არის მოსამართლე ჯეირანაშვილი _ გზა პოლიციიდან სასამართლოს თავმჯდომარეობამდე
დაზარალებულების განცხადებით, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის ხელში რაიმე სამართლის მიღწევა შეუძლებელი იყო. მათივე განცხადებით, ის ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო სამცხე-ჯავახეთში.
საკმაოდ საინტერესოა გოჩა ჯეირანაშვილის ავტობიოგრაფიული მონაცემები.
2002 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ის პოლიციის სტრუქტურაში მუშაობდა.
2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.
2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სს სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორად.
2005-2006 წლებში სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სს სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.
2006-2007 წლებში ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.
2007-2009 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.
2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამავე წლის აპრილიდან ის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
სწორედ მისი სასამართლოს თავმჯდომარეობის პერიოდში “მოღვაწეობდა” პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი და ყველა ის ფაქტი, რომელიც პროკურატურას ბრალში ჰქონდა წაყენებული, ამ დროს ხდებოდა.
პროკურატურის ფაქტები, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა
2009 წლის 1 იანვარს დაბა ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსმა მამუკა ხვედელიანმა ბორჯომის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. სამმართველოში მისვლისას დაკავებულ პირებს მამუკა ხვედელიანის ბრძანებით მოხსნეს ხელბორკილები, აიყვანეს მეორე სართულზე, განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში, სცემეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ცემაში მონაწილეობდნენ მამუკა ხვედელიანი და პოლიციელები სერგო სამსონიძე, ალექსანდრე ბლიაძე და გიორგი ბლიაძე.
ერთ-ერთ დაზარალებულს დაუჭირეს ხელები, ჩაუწიეს შარვალი, საჯდომზე მიადეს პლასტმასის ბოთლი და გადაუღეს სურათები როგორც სახეზე, ასევე საჯდომზე. სურათებს მობილური ტელეფონით იღებდა სერგო სამსონიძე. ვინაიდან ცემის გამო მსხვერპლს სახიდან მოსდიოდა სისხლი, იგი პერიოდულად გაჰყავდათ საპირფარეშოში, სადაც ეს უკანასკნელი იბანდა სისხლიან სახეს. ცემისას ალექსანდრე ბლიაძემ მსხვერპლს მარცხენა ყურზე დაადო ანთებული სიგარეტი და ყური დაუწვა.
ამის შემდეგ ნაცემი დაზარალებული პოლიციის ორმა თანამშრომელმა მიიყვანეს მაგიდასთან, გადახარეს და გიორგი ბლიაძეს უთხრეს, რომ მასთან დაემყარებინა სექსუალური კავშირი, რის საპასუხოდაც გიორგი ბლიაძემ აიღო რკინის სკამი და სკამის ფეხი მსხვერპლს უკანა ტანში შეუყვანა. გაუპატიურების შემდეგ კი მსხვერპლი იატაკზე დააგდეს. ამის შემდეგ მამუკა ხვედელიანმა მსხვერპლს უთხრა, რომ გადაღებულ სურათებს ბაკურიანის ცენტრში გამოუქვეყნებდა თუკი ჭკუით არ იქნებოდა.
მეორე დანაშაულებრივი ეპიზოდი, რომელშიც ბორჯომის პოლიციის სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი იმხილებოდა 2011 წლის 27 მაისს მოხდა, როცა დაბა ახალდაბაში არსებულ რესტორან “ბურჯებში” პოლიციის მუშაკებმა 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოპოზიციის მიტინგზე ყოფნის გამო უკანონოდ დააკავეს სამი პირი. აღნიშნული პირები მამუკა ხვედელიანის დავალებით წაიყვანეს ბორჯომის პოლიციის შენობაში, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს ადმინისტრაციული წესით თითქოსდა მათ, ერთმანეთში იჩხუბეს და სწორედ ამით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. აღნიშნულ პირებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ერთერთ მათგანს კი ჩაუმტვრიეს ნეკნი.
“ზემოაღნიშნულ ქმედებათა გამო ბრალდებულებს მამუკა ხვედელიანს, სერგო სამსონიძეს, ალექსანდრე ბლიაძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს ბრალი დაედოთ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორიცაა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, პირის დამცირება და იძულება, ასევე არაადამიანური ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და განზრახ უკანონო დაკავება.
აღნიშნული ბრალდებები დასტურდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, როგორებიცაა ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა, რომლებიც მოპოვებულ იქნა როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიების დროს.” _ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მამუკა ახვლედიანი ალექსანდრე ბლიაძე
გიორგი ბლიაძე სერგო სამსონიძე
გიორგი ლომიძე