ქალაქის მერის მრისხანება რამდენიმე დღის წინ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მადონა მაისურაძის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ჯერ გაათავისუფლა მერიის მაღალჩინოსნები, მერე კი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მაისურაძე გიორგი ჩემიას მეუღლეა, რომელიც გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო, თავის მხრივ არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ამის შესახებ “გურია ნიუსი” რამდენიმე დღის წინ წერდა.
უგულავა ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების გამოსატანად გასულ მოსამართლეს სათათბირო ოთახში ქმარი ელოდებოდა.
“რუსთავში საქმის გადატანა მოხდა ერთადერთი მიზეზით და მიზნით, იმიტომ რომ იქ კარგად იყო გაკვალული გზა მოსამართლემდე. ახლა ვინ იყო მოსამართლე. საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მთელი წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით იმ ხალხისგან, ვინც არის დღეს ხელისუფლებაში ფრაზას: ვისია, ვისია, მოსამართლე ჩემია? ჩემია გახლავთ მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის მკვლელობის ბრალდებაზე გაასამართლა ის რამდენიმე პოლიციელი და მისი მორალური სახე საზოგადოებაში გახსოვთ როგორ შეფასდა. ეს ჩემია არის იმ მოსამართლე ქალბატონის ქმარი და იმ დღეს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა, მოსამართლე ჩემია იყო უკან სათათბირო ოთახში. შეუძლია გამოძიებას ამოიღოს დეტალები, სად იყო და როგორ იყო. მოსამართლე ჩემიასთან შევიდნენ ბინძურ გარიგებაში, რომ არ დაისაჯოს ის იმ საქმეზე, რომელიც იყო ესოდენ რეზონანსული,” _ განაცხადა თბილისის მერმა გადაცემა “პოზიციაში”.
გიგი უგულავას თქმით, მთავრობის დღევანდელი შემადგენლობიდან ერთადერთი, ვინც ამ ფაქტით დაინტერესდება, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.