_როდის გაიმართება „სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის“ სხდომა; რატომ არ გვაწვდის „სამუშაო ჯგუფი“ (მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად) დღემდე წარმოებულ სამუშაოებზე, თუ ეს ჩატარებულია, ინფორმაციას; რა ოდენობისაა „სახელმწიფო საშინაო ვალის“ ეს ნაწილი; რამდენი დაზარალებულია საქართველოს და თბილისის მასშტაბით; რა სახის, და ვის მიერაა ჩადენილი ის დარღვევები, რომელიც ჩვენი ინფორმაციით აღმოჩენილია „სამუშაო ჯგუფის“ მუშაობის პერიოდში; რატომ არ არის უზრუნველყოფილი ფინანსთა სამინისტროსა და ამ პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაცია; რატომ არ უზრუნველყოფთ პროცესის გამჭვირვალობას _ ეს ის საკითხებია, რომლებზეც პასუხების გაცემას ვითხოვთ. საქართველოს ათასობით მოქალაქე 25 წელი საკუთარი ბინების მოლოდინშია. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახოს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა მიმართ აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალის გადასახდელი თანხა, რათა შეიქმნას პრეცედენტი აღნიშნულ საკითხში სამართლიანობის აღდგენისა, _ აღინიშნა ჩვენთან საუბრისას ცენტრ “ერთობის“ მიმართულების კოორდინატორმა, ლაშა გეგეჭკორმა.
გეგეჭკორის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაზარალებულების წარმომადგენლები (დალი გაბეშია, კოოპერატივი “მედიკი-598“-ის თავმჯდომარე; ომარ ლანჩავა, “საქართველოს სოციალურად დაზარალებულთა კავშირი“ და ირინა გეგეჭკორი, ცენტრი “ერთობა“;) ნოდარ ხადურთან დაუყონებლივ შეხვედრას და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.