სხდომას საქართველოს საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილე და რეინტეგრაციის საკითხებში, მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთი ციხელაშვილი ესწრებიან. სხდომის თემა ჟენევის სამიტია, სადაც ქართული მხარე მეზობელი რუსეთის მიერ საქართველოს წინაშე დარღვეულ პირობებზე ისაუბრებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რადგან არის ინფორმაციები, რომელიც საჯარო არ უნდა იყოს. მისივე თქმით, ჟენევის სამიტზე ქართული მხარე მთელ საზოგადოებას დაანახებს, თუ როგორ არ ასრულებს რუსეთი 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს, აქვე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ ირღვევა დღემდე საოკუპაციო ზოლში ადამიანის უფლებები.
“დახურულ ფორმატში ვისმენთ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესებს, რაუნდებს, რომელიც გაიარა საქართველოს წინა ხელისუფლებამ. დღესაც, საქართველოს ახალი ხელისუფლება ჩართულია ამ პროცესში. კომენტარი მექნება ძალიან შეზღუდული იმიტომ, რომ ეს არის დახურული ტიპის ინფორმაცია. არ დავმალავთ _ არის ყველანაირი მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ ამ მოლაპარაკების პროცესს მაინც გაექცეს და რეალურად, მარიონეტ ხელისუფლებასაც ამ მიმართულებით იყენებს. მაგრამ, ჩვენ ყველანი ვცდილობთ საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ სწორედ რუსეთი არღვევს ყველა იმ შეთანხმებას, რაც იყო დადებული 2008 წლის აგვისტოში. მზად ვართ, რომ ჩვენი მხრიდან პროცესები წარიმართოს იმ ოკუპაციის ზოლზე, სადაც დღეს არის საკმაოდ მძიმე ვითარება, ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის ჰუმანიტარული, კულტურული უფლებები,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ.