რუსუდან შარაძის თქმით, მამამისის გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზება სამეგრელოში მოხდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს მკვლელობის საქმეში ახლადგამოჩენილი მოწმის ჩვენება.
რუსუდან შარაძე: “პროკურატურამ ყოფილი პოლიციელი დაკითხა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში მუშაობდა. მას სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან და კოხტა კოდუასთან. როგორც მოწმე ამბობს, ჩვენების მიცემისას, მკვლელობის ორგანიზების დავალება მეგის ქარდავასგან მიიღო. დავალება იმაში მდგომარეობდა, რომ მას სამეგრელოდან თბილისში ძალოვანი უწყების ორი კონკრეტული თანამშრომელი უნდა წამოეყვანა, რომლებიც შარაძის მკვლელობას აღასრულებდნენ. მინდა იცოდეთ, რომ ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მოწმე დავალებებს „მასტერასგან” მიიღებდა. მეგის ქარდავას დავალებით მოწმეს თანხა გადასცეს, კოხტა კოდუამ კი იარაღი მისცა. მოწმემ უარი თქვა დავალების შესრულებაზე, რის გამოც ის და მისი ახლობლები ტერორის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩემთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ თენგიზ გუნავამ მოწმე ზეწოლის გახორციელების მიზნით საშინლად სცემა.”
რუსუდან შარაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და პროკურატურას საქმის გამოძიების დაჩქარება სთხოვა.