“ნაციონალურმა მოძრაობამ” მადლობას გადაუხადა ევროპარლამენტის დელეგაციას, ევროკომისარ ფულეს გამოჩენილი ყურადღებისათვის და გიორგი კანდელაკმა მოძრაობის სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“დღეს, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოინახულა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაციამ თავმჯდომარის არნო დანჟანის მეთაურობით. პარასკევს მას ტელეფონით ესაუბრა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფულე.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობის საკითხის მიმართ წამყვანი ევროპელი პოლიტიკოსების მაღალი ინტერესი ამ საქმის მათ მიერ სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში განხილვას ადასტურებს.
დელეგაციის თავმჯდომარის არნო დანჟანის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და საჭიროება არ არსებობს.
ნაციონალური მოძრაობა მადლობას უხდის ევროპარლამენტის დელეგაციას და ევროკომისარ ფულეს გამოჩენილი ყურადღებისათვის.
ნაციონალური მოძრობა გამოთქვამს იმედს რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულად ჩატარების შესახებ აღებული ვალდებულება რეალურ შედეგს გამოიღებს. ამისათვის აუცილებელია შეწყდეს ამ და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება ხოლო ეჭვმიტანილების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება რისი აუცილებლობაც ევროპელი პარლამენტარების აზრით არ არსებობს,” _ განაცხადა გიორგი კანდელაკმა.