შეხვედრის მთავარი მიზანი “საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულ მოთხოვნასთან” დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაცია იყო. მრგვალ მაგიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და “USAID”-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) დირექტორის მოადგილემ მაია გოგოლაძემ გახსნეს.
შეხვედრის მონაწილეები საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიურად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას გაეცნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, “ხალხს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ინფორმაციაზე ხელისუფლების მუშაობის შესახებ. ჩვენ ინფორმაციის და თავისუფლების მხრივ ლიბერალური გარემო გვაქვს, მაგრამ პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება ე.წ. ინფორმაციის და პროაქტიურად გამოქვეყნების რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას ექნება ვალდებულება საკუთარ საიტზე ატვირთოს მასალები გარკვეული სახის ინფორმაცია და სწორედ რა სახის ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, ამას ეძღვნება დღევანდელი მრგვალი მაგიდა”, _ აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.
მთავრობის დადგენილების პროექტი საჯარო დაწესებულებებს საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი თუ ნებისმიერი სხვა საჯარო ინფორმაციის პრაქტიკულად გამოქვეყნების ვალდებულებას აკისრებს. გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია პროაქტიურად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
პროექტის მიხედვით, დგინდება ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, საჯარო დაწესებულება ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ნამდვილობასა და პერიოდულ განახლებაზე აგებს პასუხს. ასევე, საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესაძლებლობა და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის მიღების ავტომატური დადასტურების სისტემის არსებობა.