“ღონისძიების დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის” მოწინააღმდეგეებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათ წყლით სავსე ბოთლები დაუშინეს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მანქანებს, ასევე შეეცადნენ კორდონი გაერღვიათ, თეატრის შენობაში შესულიყვნენ და პრაიმერი ჩაეშალათ.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს სპეციალური კორდონის მოწყობა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პრაიმერის მონაწილეთა და დელეგატთა შენობაში შესვლა, მაგრამ პოლიციამ ვერ შეძლო ფიზიკური შეურაცხყოფის აღკვეთა. ამასთან, ამ დრომდე პოლიციას არ დაუკავებია ის პირები, რომლებიც ძალადობრივი გზით ხელს უშლიდნენ პოლიტიკური ღონისძიების მშვიდ გარემოში ჩატარებას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება მომხდარ ფაქტებზე და მაქსიმალურად უზრუნველყოს “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აკვირდება ზუგდიდში მიმდინარე პრაიმერს და ასევე თეატრის ტერიტორიაზე საპროტესტო შეკრებას. ორგანიზაციის დამკვირვებელთა თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან”.































































