როგორც აქციის ორგანიზატორი ემა კოსტავა ამბობს, ქუჩაში ნაპოვნი ცხოველები სახლებში მიჰყავთ, ბანენ, ექიმებს ასინჯებენ, თუ მკურნალობა სჭირდებათ, მკურნალობენ და უკვე ამ შემდეგ გამოჰყავთ გასაჩუქებლად.
“უკვე 2 თვეა, რაც ამგვარი აქციები დავგეგმეთ. ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალურ ქსელ “ფეისბუქს” აქტიურად ვიყენებთ. ჩვენი მიზანია, ნაკლები ცხოველი იყოს გარეთ და ყველას ვუშოვოთ თავშესაფარი, ოჯახი. ამ ორი თვის მანძილზე გაჩუქებული კნუტების და ლეკვების რაოდენობამ 55 შეადგინა. საკვებს, ვისაც სურვილი აქვს, გვაძლევენ. თუ ბევრი გვიგროვდება, გაჩუქებულებთანაც მიგვაქვს. ახლა ვგეგმავთ ქუჩაში ნაპოვნ ცხოველებს სტერილიზაცია გავუკეთოთ, მართალია, ამაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება, მაგრამ ვეტექიმები შეღავათს გვიკეთებენ. მხოლოდ თავის ღირებულებას გვახდევინებენ”, _ ამბობს ემა.
თამარ უგუზაშვილი. აქციის მონაწილე: “ცხოველების გაჩუქებისას აუცილებელი პირობაა მომავალ პატრონთან გვქონდეს კონტაქტი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვენდობით, ვისაც ვჩუქნით. არამედ მშვიდად რომ ვიყოთ და დავრწმუნდეთ, ნამდვილად კარგად არიან. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან მიყვარს ცხოველები და მინდა, მაქსიმალურად მეტი ბედნიერი ცხოველი იყოს ამ ქვეყნად”.
როგორც ცხოველების მოყვარულები აცხადებენ, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.