საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კომისია ყველა ინფორმაციას მოუყრის თავს და იგეგმება ისეთი დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც საერთაშორისო ღირებულება ექნება კონფლიქტებთან მიმართებაში.
“კომიტეტი აპირებს ყველა ინფორმაციას მოუყაროს თავი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში მოვუსმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკური უწყებებიდან. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მოგვაწოდა ინფორმაცია. დავიწყებთ სერიოზულ მუშაობას იმისთვის, რომ შევქმნათ საერთო ქართული პოზიცია კონფლიქტებთან მიმართებაში. ეს უნდა იყოს მძიმეწონიანი დოკუმენტი, რომელიც გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო დონეზე. დღევანდელი მოხსენებით გავიგეთ მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება კოდორში, რა პროცესი მიდის არამარტო ფიზიკურად, არამედ როგორია მორალური და პოლიტიკური განწყობები, რა მიზნები აქვს ცხინვალს, მოსკოვს. როგორი ხედვები უნდა ჰქონდეს თბილისს. საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ, არამხოლოდ დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მათ საინტერესო ინფორმაცია აქვთ და ძალიან ბევრ საკითხში არიან კომპეტენტურნი,” _ განაცხადა ტერიტორიული აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.