ქალბატონმა ნესტანმა განმარტა, რომ დღეს იგი, როგორც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ისე არ ხვდება მასპინძლებს და სულ სხვა, საინტერესო და სერიოზული ინფორმაციითაა მოსული.
_ არც ისე დიდი ხანია, ჩემი ინიციატივით შეიქმნა ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც გახლავთ ევროპული ორგანიზაცია. მისი შტაბბინა არის ბრიუსელში. ჩვენ გადმოგვეცა ოფისები პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და ტოკიოში. მივაღწიე შეთანხმებას ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროპული ინსტიტუციების დონეზე. მალე კი, ოქტომბრისთვის, რამდენიმე მილიარდიანი დაფინანსება მზადდება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ამ პროგრამას განახორციელებს, _ თქვა მან და გამოთქვა მზადყოფნა, თითოეული ფერმერისთვის მოესმინა, რა პრობლემები აწუხებთ და როგორ ესახებათ მათი გადაჭრის გზები.
ძირითადად ისაუბრეს ჩაის აღორძინებასა და მეფუტკრეობის კიდევ უფრო გან ვითარებაზე. ფერმერებმა თამაზ ღლონტმა, ჯაბა ჭეიშვილმა და სხვებმა უმთავრეს პრობლემაზე _ იაფი სესხისა და კრედიტის საჭიროებასა და მის არარსებობაზე გაამახვილეს ყურადღება.
_ ბევრს საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ საუბარი საუბრად რჩება, _ თქვა თამაზ ღლონტმა.
ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ გურიის აღორძინების ფონდი შეიქმნება თუ გურულ ბიზნესმენთა გაერთიანება, მთავარია, ის იყოს საქმეზე ორიენტირებული და პროგნოზირებადი _ ევროპული ინსტიტუციები ასეთ პარტნიორებთან ურთიერთობენ.
გურული ფერმერები ამ შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ და გაიკვირვეს კიდეც, ასეთი რამ ჯერ მთავრობას არ გაუკეთებიაო. ნესტან კირთაძემ აღუთქვა მათ, რომ მალე ბელგიიდან სტუმრები ეწვევათ, მერე კი თავად ფერმერები წავლენ ბრიუსელში, მეგზურობას კი თავად გაუწევს.