მაიორი გულბიანი წარმოშობით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაღდადიდანაა. „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მაიორ ოტელო ვახტანგის ძე გულბიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედროს ოჯახს. მაიორმა გულბიანმა დღეს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აღდგენილი იარაღის გამოცდისას, უბედური შემთხვევის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო. ქართველი სამხედრო დაუყონებლივ გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს სამხედროს გადარჩენა. მაიორი გულბიანი კლინიკაში დაახლოებით 19:00 საათზე გარდაიცვალა. ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ბოლოს იგი გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი იყო. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე აღდგენილი, ხელით სასროლი იარაღის გამოცდის ჩატარების სროლის ხელმძღვანელად იყო დანიშნული. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედროს, მაიორ ოტელო გულბიანის ოჯახს“, _ ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.