აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ საგანელიძის ფიტული და მის მიერ გატარებულ საკადრო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდა “ქართული ოცნების” მარტვილის ორგანიზაციის წევრი ზურაბ ბიგვავა, რომელმაც განაცხადა, რომ “საგანელიძის საკადრო პოლიტიკით “ქართული ოცნება” სამეგრელოში არჩევნებს წააგებს. ვნებათაღელვა უკვე დაიწყო, მოსახლეობა არ შეურიგდება საგანელიძეს მიერ რეგიონში პარტიისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად შევარდნაძის კადრებისა და ყოფილი მხედრიონელების დანიშვნას”.
ბიგვავა აქციამდეც არა ერთხელ აცხადებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში შტაბის უფროსად დანიშვნის შემდეგ, დავით საგანელიძემ მხედრიონელების რეინკარნაცია დაიწყო. მისივე განცხადებით, რამდენიმე ხნის წინ, სამეგრელოს რეგიონში “ქართული ოცნების” ორგანიზაციის ლიდერად ყოფილი მხედრიონელი და ოქტომბრის არჩევნებამდე “ნაციონალი”, შევარდნაძის დროინდელი დეპუტატი ვალერი კვარაცხელია დანიშნეს.
“ამის პარალელურად, საგანელიძემ იმ მებრძოლ ხალხს უთხრა უარი, ვინც ოქტრომბრის არჩევნებში გვერდით ედგა. თუ ასე გაგრძელდა, ხალხის აღშფოთება კულმინაციას მიაღწევს და საგანელიძეს მხარს ამ არჩევნებში აღარავინ დაუჭერს,” _ აცხადებს ბიგვავა.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად დავით საგანელიძის ფიტული დაწვეს. როგორც მარტვილელები აცხადებენ, ეს არის მათი გზავნილი საგანელიძისადმი, რათა შეჩერდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ საგანელიძემ მსგავსი სახით საკადრო პოლიტიკის გატარება გააგრძელა და არაფერი შეიცვალა, “ქართული ოცნების” აქტივისტები პერმანენტულად შეიკრიბებიან და აქციებს გამართავენ.