“ანაკლიაში “აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით დავიწყეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის მსგავსი საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა. ეს მოიცავს ზღვის ტერიტორიაზე ხელოვნურად დამზადებული ტეტრაპოდების ჩალაგებას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტალღების დარტყმას ნაპირთან მიმართებაში. ამით თავიდან იქნება აცილებული, ერთის მხრივ, ზღვის შემოტევა, დაცული იქნება ის ინფრასტრუქტურა, რაც ზღვის ნაპირზე არის განთავსებული და მეორეს მხრივ, მდინარეების მიერ მოტანილი ზიანი შემცირდება. ეს არის პრევენციული პროექტი. აჭარისთვისაც “აზიის განვითარების ფონდიდან“ ანაკლიაზე უფრო დიდი ნაპირდაცვითი პროექტი არის დამუშავებული. ზუსტდება ტექნიკური დეტალები. წლის ბოლოსკენ გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს სამუშაოებს. იქ საუბარია მდინარე ჭოროხიდან ბათუმის პორტამდე 7 კილომეტრიანი ზოლის გამაგრებაზე“.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა 27 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში ზღვის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა გახსნა. ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობას კომპანია “მოდერნ ბიზნეს გრუპი” განახორციელებს.
პროექტი ორ ეტაპიანია და ჯამში 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებით, რომელიც ზღვის ნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კილომეტრ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს.
ნაგებობის მშენებლობის გარდა, ასევე იგეგმება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება. ნაპირგამაგრებასთან ერთად მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა. მთლიანობაში, სამ კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობაა დაგეგმილი.