დასკვნიდან ირკვევა, რომ ვანო მერაბიშვილმა ფოტოხელოვანი სოლიდური ფულადი პრემიით დააჯილდოვა.
2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში შს სამინისტრომ მოქალაქეებზე პრემიის და ერთჯერადი დახმარების სახით 127.3 ათასი ლარი გასცა. აქედან 43,875 ლარი პოლიციისათვის გაწეული დახმარების მოტივით მოქალაქე ვინსენტ ლაპარტიენს ერგო. სამინისტროს საიმიჯო, დასურათებული ბუკლეტების შექმნისთვის 2011 წელს ლაპარტიენს 28,560.0 ლარი აქვს მიღებული (ხარჯი გაწეულია “ოფისის ხარჯების” მუხლით). მიღება-ჩაბარების აქტს, რომელიც შედგენილია ფულადი პრემიის ჩაბარების და არა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების თაობაზე, ფოტოგრაფი და შს სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს ყოფილი უფროსი ზვიად პაპიძე აწერენ ხელს.
2 წლის განმავლობაში შს სამინისტრომ 108.5 ათასი ლარის ფულადი პრემია (ჯილდო) 18 მოქალაქეს გადასცა.
მათ შორის მოხვდა ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში კიბის მოაჯირიდან გადმოვარდნისა და სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრამვების გამო გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახი, რომელსაც ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 18,750 ლარი გადაეცა. დახმარება გაწეულია სხვა ხარჯების მუხლიდან.
“აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფო ერთეულების მიზეზით ფიზიკური პირების დაღუპვის შემთხვევაში გადახდილ კომპენსაციებს, რომელიც შეიძლება იყოს სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან ნებაყოფილობითი სასამართლოს გარეთ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე,” _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის დროს, შს სამინისტროში დაჯილდოებული მოქალაქეების მიერ პოლიციისთვის გაწეული კონკრეტული დახმარების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აღმოჩნდა.