“იმისთვის, რომ პოზიციები ყოველკვირა არ იცვლებოდეს ერთიდაიგივე საკითხთან დაკავშირებით, ამისათვის საჭიროა მეტი კომპეტენტურობა, საჭიროა ელემენტარული მოლაპარაკებები და არა კოჰაბიტაციაში გართულობა. საჭიროა რეალური მოლაპარაკებების წარმართვა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობს, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან სასაუბროდ დისკუსიისათვის და შეხვედრისათვის ახალმა ხელისუფლებამ საერთოდ ვერ მოიცალა მაშინ, როდესაც გაცილებით ჯანსაღი ძალა არის არასაპარლამენტო ოპოზიცია, ვიდრე ის, რომელიც ასე უნდა რომ გადაარჩინოს “ქართულმა ოცნებამ”, ნაციონალური მოძრაობა მყავს მხედველობაში. რა თქმა უნდა, დრო ცოტა დარჩა იმისათვის, რომ შევიდეს ეფექტური ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში. 10 თვე დაკარგულია აბსოლუტურად ტყუილად. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთდა ქართული ოცნების მხრიდან, რომ საარჩევნო გარემო შეცვლილიყო და თუნდაც ის ცვლილებები შესულიყო კანონში.
კარგი იქნება ახლა, თუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე მაინც შეიტანენ დამატებით ცვლილებებს, თუმცა საარჩევნო გარემო უსერიოზულესი ხარვეზებით რჩება, მათ შორის არის იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი და ძალიან ბევრი სხვა საკითხი, რომელიც უდაოდ ძალიან სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს არჩევნების სამართლიანობას და კონკურენტულ გარემოს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.